ცოტა რამ ისტორიიდან
1924 წელს ტფილისის უნივერსიტეტის უმცროს მასწავლებელთა კოლეგიუმმა დააფუძნა „ყოველთვიური სამკურნალო სამეცნიერო ჟურნალი თანამედროვე მედიცინა“. რედაქციის შემადგენლობაში შედიოდნენ შემდგომში სახელოვანი ქართველი მედიკოსები: ზაქარია მაისურაძე, მიხეილ მგალობლიშვილი, შალვა მიქელაძე, პეტრე ქავთარაძე, ნიკოლოზ ყიფშიძე. ჟურნალი 10 წელი გამოიცემოდა. 1931 წლიდან იგი გადაიქცა ტფილისის სამედიცინო ინსტიტუტის ორგანოდ და მის სარედაქციო კოლეგიას წარმოადგენდნენ პროფესორები ამირაჯიბი, ასათიანი, თიკანაძე, მუხაძე, ნათიშვილი, ჟღენტი და სხვ. სამწუხაროდ, ჟურნალმა არსებობა გამოცემის მეთერთმეტე წელს, 1934-ში შეწყვიტა.
სამედიცინო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი „თანამედროვე მედიცინა“ ბეჭდური სახით გამოიცემოდა 2007-2010 წლებში ფარმაცევტული კომპანია ჯი–პი–სი–ს ხელშეწყობით. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალის განახლება სამწუხაროდ აღარ ხდება, ახლა უკვე ჩვენი საიტის წყალობით მნიშვნელოვნად იმატა მკითხველთა რიცხვმა. ვფიქრობთ, განვლილ წლებში დავიმკვიდრეთ სანდო, შინაარსობრივად საინტერესო და სოლიდური გამოცემის სახელი. აღსანიშნავია, რომ ჟურნალი „თანამედროვე მედიცინა“ რეფერირდება სსიპ ინსტიტუტ ტექინფორმის რეფერატულ გამოცემაში (www.tech.caucasus.net).
www.modernpublishing.ge 2010 წლის 23 თებერვალს, 6 თვიანი მუშაობის შედეგად, სრულიად უსასყიდლოდ, საკუთარი ხარჯებით დავაარსეთ ეს საიტი. აქ ყველას აქვს საშუალება იხილოს 4 წლის მანძილზე ჟურნალში გამოქვეყნებული ნებისმიერი სტატია.
საიტზე დარეგისტრირების შემდეგ მკითხველს შესაძლებლობა ეძლევა ყოველი სტატიის ბოლოს დატოვოს თავისი კომენტარი, შეაფასოს ესა თუ ის სტატია, რედაქციასთან ჰქონდეს მუდმივი უკუკაშირი, გამოთქვას თავისი მოსაზრებები, რეკომენდაციები, რჩევები თუ კრიტიკული შენიშვნები. ერთი სიტყვით, ონლაინ სტუმარს შეუძლია სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს ახლა უკვე ელექტრონული ჟურნალი–არქივის ცხოვრებასა და განვითარებაში.
პატივისცემით,
მედიცინის დოქტორი, ჟურნალ „თანამედროვე მედიცინის“
მთავარი რედაქტორი დავით ჯიქია
სამედიცინო რედაქტორები: ნინო ჩხაიძე, თამარ მგალობლიშვილი; რედაქტორი: გივი ხორბალაძე; მთავარი რედაქტორის ასისტენტები: ნინო გაფრინდაშვილი, გოგა მაშანეიშვილი; მხატვარი: ვაჟა ქურხული
პრეპრესი და ბეჭდვა: კობა კურტანიძე