გულის ქირურგიის განვითარება XIX საუკუნის დამლევიდან იწყება. მთელი რიგი ექსპერიმენტებით ცხოველებზე Block-მა საზღვარ-გარეთ (1882), Филлипов-მა რუსეთში (1885) დაასაბუთეს დაჭრილი გულის გაკერვის შესაძლებლობა.
1896 წ. იტალიელმა ქირურგმა ფარინამ (Farina), ნორვეგიელმა კაპპელენმა (Cappelen) და გერმანელმა რენმა (Rhen) გულის ჭრილობის გაკერვა – cardioraphia აწარმოეს ადამიანზე – პირველმა ორმა უარყოფითი, ხოლო მესამემ დადებითი შედეგით. რუსეთში პირველად ეს ოპერაცია აწარმოვა გერცენმა (Герцен). 1902 წელს ორ ავადმყოფზე უშედეგოდ, ხოლო 1903 წ. შახოვსკოიმ (Шаховской) – დადებითი შედეგით.
ფონ ვილებრანდის დაავადება სისხლის შედედების პათოლოგიათა შორის ყველაზე ხშირია. დაავადების გამომწვევი მიზეზია სისხლის მაღალმოლეკულური პროტეინის – ფონ ვილებრანდის ფაქტორის რაოდენობრივი ან ფუნქციური დეფიციტი. ფონ ვილებრანდის ფაქტორი ჰემოსტაზში ასრულებს ორ მთავარ ფუნქციას: 1. ის ხელს უწყობს დაზიანებული სისხლძარღვის კედელზე თრომბოციტების ადჰეზიას; 2. ასრულებს VIII ფაქტორის დამცველის და გადამტანის ფუნქციას.
ფონ ვილებრანდის ფაქტორი სინთეზირდება ენდოთელურ უჯრედებსა და მეგაკარიოციტებში. დაავადებას ყოფენ 3 ძირითად ტიპად: I ტიპი – ფონ ვილებრანდის ფაქტორის რაოდენობრივი დეფიციტი; II ტიპი – ფუნქციური დეფიციტი; III ტიპი – ფაქტორის ტოტალური დეფიციტი. დაავადების II ტიპი იყოფა A, B, N და M ქვეტიპებად. ფონ ვილებრანდის დაავადების სიმპტომებია: სისხლდენები ლოწოვანი გარსებიდან – ცხვირიდან, პირის ღრუდან, მენორაგიები, ჰემატომები, სისხლდენები ტრივიალური ჭრილობებიდან, პოსტოპერაციული სისხლდენები, შედარებით იშვიათად გასტროინტესტინალური სისხლდენები და ა.შ.
ღვიძლში, იქ, სადაც მაგისტრალური პორტული არხები და ღვიძლის ვენები სივრცობრივად გადაკვეთენ ურთიერთს, არსებობს ნაკლებად ცნობილი ანატომიური წარმონაქმნი, რომელიც პორტული არხებისა და ღვიძლის ვენების ერთმანეთთან შეხების დროს, მათი შემაერთებელქსოვილოვანი ფიბროზული საფარვლების შერწყმით იქმნება. პორტული არხის გარემომცველი საერთო სისხლძარღვირგვლივი ფიბროზული კაფსულა (capsula fibroza perivaskularis – პარიზის საერთაშორისო ნომენკლატურა) პორტული კომპლექსიდან ვრცელდება ღვიძლის ვენის კედელზე და ტრიადის ელემენტებთან ერთად (კარის ვენა, ღვიძლის არტერია და სანაღვლე სადინარი) ღვიძლის ვენას, როგორც მეოთხე ელემენტს მოიცავს.
პორტული არხებისა და ღვიძლის ვენების საფარვლების შერწყმით შექმნილ ანატომიურ წარმონაქმნს ჩვენ ღვიძლშიგნითა პორტა-კავალური ფიბროზული კავშირი ვუწოდეთ.