მედიცინის ისტორია

NOTA BENE

კლინიკური რეკომენდაციები

გაიდლაინი

CASE REPORT

სიახლეები

კვლევა

მიმოხილვა

ჩვენი თანამედროვე

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



II ტიპის დიაბეტის მკურნალობა ინსულინით [5.00]

სისხლის მუსიკა [5.00]

ახალი სახის ქირურგიული წებო Lifebond – ქსოვილთა სწრაფი და სიმედო შეერთება [5.00]

მეცნიერება მეცნიერებისათვის არ არსებობს… [5.00]

ქრონიკული მიელოიდური ლეიკემიის გლივეკით მკურნალობის თანამედროვე პრინციპები [5.00]


რკინადეფიციტური ანემია [28287]

ხალები: როგორ მოვექცეთ მათ? [24296]

II ტიპის დიაბეტის მკურნალობა ინსულინით [15192]

ძუძუს რეციდიული და მეტასტაზური კიბო - დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და მეთვალყურეობის რეკომენდაციები (ESMO) [10803]

სათესლე ჯირკვლის სემინომა - დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და შემდგომი მეთვალყურეობის კლინიკური რეკომენდაციები (ESMO) [9586]


თემების რაოდენობა: 18
კომენტარები: 7

მეცნიერება მეცნიერებისათვის არ არსებობს…

ავტორი: ნ. გაფრინდაშვილი
სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი „თანამედროვე მედიცინა“

>>  „მტკიცედ მწამს, რომ მეცნიერება მეცნიერებისათვის არ არსებობს… ყველაფერი, რაც არსებობს, მეცნიერების შესწავლის საგანი უნდა გახდეს და ყველაფერი, რასაც მეცნიერება მიაღწევს — ცხოვრებაში უნდა განხორციელდეს!“ ეს სიტყვები გამოჩენილ ბუნებისმეტყველს ივანე რამაზის ძე თარხან-მოურავს (თარხანოვი, თარხნიშვილი) ეკუთვნის და მთელი თავისი ცხოვრებით მეცნიერებას ემსახურებოდა … რამდენადაც წარმოუდგენელი არ უნდა იყოს, მან დროს გაუსწრო…


„კანის გალვანური რეფლექსი — რეფლექსი ან თარხანოვის ფენომენი — სამუდამოდ დარჩება ფიზიოლოგიასა და მედიცინაში, როგორც უდიდესი თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე აღმოჩენა.“

ი. ბერიტაშვილი

„მისი გამოკვლევები მაიონიზებელი რადიაციის ბიოლოგიური მოქმედების შესწავლისადმი მიძღვნილი ნაშრომების საწყისია… შემდგომში ბევრი აღმოჩენა, სენსაცია, მარცხი იყო. მაგრამ ეს გახლდათ დასაწყისი, რადიობიოლოგიის დაბადება.“

ა. კუზინი

გზის დასაწყისი…
ივანე რამაზის ძე თარხან-მოურავი (თარხანოვი), რომლის სახელს რადიაციული ბიოლოგიისა და მედიცინის აღმოცენება უკავშირდება, დაიბადა 1846 წლის 15 ივნისს თბილისში, საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი სააკაძის შვილთაშვილის, რუსეთის არმიის გენერლის ოჯახში.
მომავალმა მეცნიერმა ჯერ კიდევ ადრეულ ბავშვობაში მიიპყრო გარშემო მყოფთა ყურადღება თავისი ნიჭიერებითა და უაღრესად მიმზიდველი გარეგნობით. 10-12 წლისა, ქართულის და რუსულის გარდა, თავისუფლად ფლობდა რამდენიმე ევროპულ და კავკასიურ ენას. ალექსანდრე დიუმა-მამა კავკასიაში მოგზაურობისას ნუხას მხარის მმართველის, რამაზ თარხან-მოურავის ოჯახში სტუმრობდა და „კავკასიის“ რამდენიმე თავი პატარა თავადიშვილ ივანესთან მეგობრობას მიუძღვნა. აი, კერძოდ, რას წერდა ის: „ბიჭუნამ საუცხოოდ იცის ფრანგული ენა… გამაკვირვა გალიციზმმა ამ ბავშვის მეტყველებაში… ეს სასწაული იყო, და მე მისით მოხიბლული ვიყავი… ვერც კი ვბედავ, ბავშვი ვუწოდო… როცა გამომშვიდობებისას ორივე ხელი გავუწოდე, პატარა თავადი ატირდა. ბავშვი ისე ჩავიხუტე, როგორც საკუთარი შვილი. პატარა ივანესთან განშორებამ კავკასიაში ჩემი ყოფნის განმავლობაში ყველაზე დიდი ტკივილი მომაყენა“.
ი.თარხან-მოურავის საოცარი ნიჭის გამომჟღავნებას დიდად შეუწყო ხელი მრავალმხრივმა დაწყებითმა განათლებამ და მზრუნველობამ მამისა, რომელიც ადრე დაქვრივდა და თავისი შვილისთვის ბრწყინვალე სამხედრო კარიერაზე ოცნებობდა და ამ მიზნით პეტერბურგში წაიყვანა. ივანე კი ექიმობისკენ ისწრაფოდა. მამა დათმობაზე წავიდა და ნება დართო ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე ესწავლა. მოგვიანებით, 1864 წელს ივანემ ოცნებას გხორცი შეასხა და პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო ქირურგიულ აკადემიაში შევიდა.

სტუდენტობის წლებშივე ი. სეჩენოვის ხელმძ­ღ­ვა­ნელობითის იწყებს ექსპერიმენტულ კვლევებს ფიზიოლოგიის სფეროში; აქვეყნებს სამეცნიერო შრომებს და აკადემიის დამთავრებიდან ორი წლის შემდეგ, 1871 წელს, უკვე სადოქტორო დისერტაციას იცავს „ბაყაყის მგრძნობიარე ნერვებზე, ზურ­გისა და თავის ტვინზე სითბოს და სიცივის გავლენის შესახებ“. ფიზიოლოგიურ პროცესებზე სხვადასხვა ფიზიკური ფაქტორის ფართო ეკობიოლოგიური თვალსაზრისით ზემოქმედების საკითხებისადმი ინტერესი მან მთელი ცხოვრების მანძილზე შეინარჩუნა და რამდენიმე საინტერესო აღმოჩენა გააკეთა, რომლებსაც დღემდე არ დაუკარგავთ მნიშვნელობა. იგი სამეცნიერო კვლევებს აწარმოებდა გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, ავსტრიის და ა.შ. მოწინავე სამეცნიერო დაწესებულებებში, აქვეყნებდა ნაშრომებს როგორც დამოუკიდებელად, ისე გამოჩენილ ფიზიოლოგებთან თანაავტორობით. ჰოლცისა და ბერნარის ფიზიოლოგიური ლაბორატორიების გარდა, ის ბევრს და ნაყოფიერად მუშაობდა ჰოპე-ზაილერის ბიოქიმიურ ლაბორატორიაში, რანვიეს ციტომორფოლოგიურ ლაბორატორიაში და ა.შ.
1875 წელს ის პრივატ-დოცენტად აირჩიეს, 1877 წელს — პროფესორად და სამხედრო სამედიცინო აკადემიის ფიზიოლოგიის კათედრის ხელმძღვანელად, ხოლო 1881 წელს, 35 წლის ასაკში, — აკადემიკოსად.

აღმოჩენათა კვალდაკვალ…
ი.თარხან-მოურავის სამეცნიერო ძიებების, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის წრე უაღრესად ფართოა: ნეიროფიზიოლოგია და რეანიმაცია, სოციალური და პროფესიული ჰიგიენის პრობლემები, ჰიპოთერმიის ფიზიოლოგიური საფუძვლები და ფსიქოფიზიოლოგია, ევოლუციური ფიზიოლოგია და რენტგენოთერაპია, მცენარეთა ფიზიოლოგია და რადიობიოლოგია, მიკროცირკულაცია და ჰორმონოთერაპია, ეკოლოგია და კურორტოლოგია, ჰემატოლოგია და მედიკობიოლოგიური პრობლემების სოციალური ასპექტები. ეს არის ბუნებისმეტყველების იმ დარგების არასრული სია, სადაც მეცნიერის მაძიებელი გონება და ფართო აზროვნება მრავალრიცხოვან აღმოჩენებსა და ფუნდამენტურ კვლევებში წარმოჩინდა.
ი.თარხან-მოურავის უამრავ აღმოჩენას თანამედროვე ბიოლოგები და ექიმები ავტორთან კავშირის გარეშე იცნობენ. ამაში თავად ავტორიც არის „დამნაშავე“ — ის იმდენად ლაკონიურად, ხატოვნად და არსებითად განსაზღვრავდა მის მიერ გამოვლენილი ფენომენების სახელწოდებებს, რომ თავად, ხშირად, ჩრდილში რჩებოდა. მაგალითისათვის საკმარისია, გავიხსენოთ კანის გალვანური ანუ ფსიქოგალვანური რეფლექსი. დღეს გაჭირდება მთლიანი ორგანიზმის ბიოლოგიისა და მედიცინის იმ სფეროების ჩამოთვლა, სადაც ეს ფენომენი ერთ-ერთ კრიტერიუმად ან ტესტად არ გამოიყენება. სერიულად გამოდის შესაბამისი ხელსაწყოებიც, მაგრამ ყველამ როდი იცის, რომ მოცემული აღმოჩენა ი. თარხან-მოურავს ეკუთვნის და ერთ-ერთია ნეირო- და ფსიქოფიზიოლოგიის სფეროში იმ მრავალრიცხოვან აღმოჩენებს შორის, რომლებმაც ავტორს მსოფლიოში გაუთქვა სახელი.
მე-19 საუკუნის მეორე ნახევრში სისხლძარღვთა კალაპოტის სტრუქტურის, რეგულაციის მექანიზმების და ბიოლოგიური მნიშვნელობის შესახებ წარმოდგენები ჭეშმარიტებისაგან ძალზე შორს იყო. უჯრედოვანი პათოლოგიის თეორიის შემოქმედი რ.ვირხოვი მიიჩნევდა, რომ შემაერთებელი ქსოვილის ვარსკვლავისებური უჯრედები და ბოჭკოები შეიცავს ღრუებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება სისხლძარღვებისა და ლიმფური სადინარების სანათურს და ღრუთა მოცემულ სისტემას უჯრედებისა და ქსოვილების კვებაში გადამწყვეტ როლს ანიჭებდა. „სეროზულ ძარღვებს“, რომლებშიც მხოლოდ პლაზმა და ლიმფა მოძრაობდა ფორმიანი ელემენტების გარეშე, გადამწყვეტი როლი ენიჭებოდა სისხლისა და ლიმფის მიმოქცევის ნუტრიტული ფუნქციის რეალიზაციაში, ისინი ამ სისტემების ერთმანეთთან და უჯრედშორის სივრცესთან შემერთებელ რგოლად აღიქმებოდა. საინტერესოა, რომ ეს წარმოდგენები „დამაჯერებელ ჰისტოლოგიურ ფაქტებს“ ეფუძ­ნებოდა. იმდროინდელ სახელმძღვანელოებში აღწერილი იყო ამ „სამმაგი კავშირის“ მოქმედების სქემები და მექანიზმები. და აი, 1875 წელს, პარიზში გამომავალ ნორმალური და პათოლოგიური ფიზიოლოგიის ჟურნალში, მოგვიანებით კი რუსეთისა და ევროპის ქვეყნების რიგ ჟურნალებში ი. თარხან-მოურავი აქვეყნებს მორფოფიზიოლოგიური გამოკვლევების სერიას, რომელიც ძირეულად ცვლის არსებულ წარმოდგენებს და ერთხელ და სამუდამოდ წყვეტს მოცემულ პრობლემას — სისხლძარღვებსა და ლიმფურ ძარღვებს შორის პირდაპირი ანატომიური კავშირი არ არსებობს ისევე, როგორც ამ სისტემებსა და უჯრედშორის სივრცეს შორის.

„რენტგენის ექსპედიცია“
ბუნებრივია, ყველა პრობლემა, რომელთა გადაჭრას ი. თარხან-მოურავი ჰკიდებდა ხელს, ესოდენ ბრწყინვალე აღმოჩენებით არ მთავრდებოდა. იყო წარმატება და წარუმატებლობა, გატაცება და იმედგაცრუება, მაგრამ დაჟინებული ძიება არ წყდებოდა.
ვილჰელმ რენტგენმა 1895 წლის დეკემბერში ვიურცბურგის ფიზიკოსთა საზოგადოების საშობაო სხდომაზე თავისი ღირსშესანიშნავი აღმოჩენის შესახებ განაცხადა. ეს სენსაციური ცნობა სწრაფად გავრცელდა. ფიზიკის ბევრ ლაბორატორიაში გაფაციცებით ამზადებდნენ შესაბამის ხელსაწყოებს, იმეორებდნენ რენტგენის ცდებს. მომდევნო წლის განმავლობაში ათასხუთასზე მეტი მეცნიერული და ფსევდომეცნიერული შეტყობინება გამოჩნდა. ამ სენსაციური ცნობიდან უკვე ერთი თვის შემდეგ რუსეთის სამეცნიერო დაწესებულებებში ანალოგიური კვლევები დაიწყეს. ყურადღებას იქცევს ის ფაქტი, რომ რუსი ექიმების საზოგადოების ინიციატივით პეტერბურგის ბიოლოგიურ ლაბორატორიაში რენტგენის სხივების შესახებ მოხსენებების კითხვა და ცდების დემონსტრაცია დაიწყეს, ფართოდ განიხილებოდა სადიაგნოსტიკო მიზნით X-სხივების გამოყენების საკითხები. 1896 წლის გაზაფხულზე, დისკუსიის დროს, ერთ-ერთი ამგვარი ლექციის შემდეგ პ. ლესგაფტმა, რომელიც მაშინ პეტერბურგის ბიოლოგიურ ლაბორატორიას ხელმძღვანელობდა, ი. თარხან-მოურავს შესთავაზა, სასიცოცხლო პროცესებზე X-სხივების შესაძლო გავლენის და მათზე ბიოლოგიური ცდების ჩატარების მიზანშეწონილობის შესახებ აზრი გამოეთქვა. თავის გამოსვლაში ბატონმა ივანემ ხაზი გაუსვა, რომ უპირველესად აუცილებელია, განისაზღვროს, ახდენს თუ არა გავლენას X-სხივები ნივთიერებათა ცვლაზე, ცხოველური და მცენარეული ორგანიზმების განვითარების მიმდინარეობაზე და ცოცხალი ორგანიზმებისა და ქსოვილების აგზნებადობაზე. ეს, არსებითად, პირველი ფართო რადიობიოლოგიური პროგრამა იყო, რომლის განხორციელებას ი. თარხან-მოურავი დაუყოვნებლივ შეუდგა.
რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიურ ლაბორატორიაში „X-სხივების მისაღები“ და­ნადგარები არ იყო, მკვლევარმა ზაფხულის არდადეგების გამოყენება გადაწყვიტა, როცა ფიზიკის ლაბორატორიაში ეს დანადგარები თავისუფალი იყო. ზაფხულში დასვენებაზე უარი თქვა. და აი, 1896 წლის სექტემბერში გამოჩნდა საზაფხულო „რენტგენის ექსპედიციის“ (ასე მონათლეს ახლობლების წრეში ამ პრობლემით ი. თარხან-მოურავის გატაცება) პირველი შედეგები. „პეტერბურგის ბიოლოგიური ლაბორატორიის მაცნეში“, შემდეგ კი „ს.ბოტკინის საავადმყოფოს გაზეთის“ ორ გამოშვებაში დაიბეჭდა სამი სტატია, სადაც ვკითხულობთ: „…მოცემული პუბლიკაცია, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იმის მტკიცების პირველი მცდელობაა, რომ X-სხივებით შესაძლებელია არა მარტო ფოტოგრაფირება და დიაგნოსტირება, როგორც ეს აქამდე იყო ცნობილი, არამედ სასიცოცხლო პროცესებზე გავლენის მოხდენაც. არ გაგვიკვირდება, თუ ახლო მომავალში ამ სხივებს სამკურნალო მიზნით გამოიყენებენ…“
ივანე თარხან-მოურავის უზარმაზარმა სამეცნიერო მემკვიდრეობამ უდიდესი გავლენა მოახდინა ქართული მეცნიერების სხვადასხვა მიმართულების განვითარებაზე. ეს განსაკუთრებით აისახა ეკოლოგიური ბიომედიცინის (რადიობიოლოგიისა და რადიაციული ეკოლოგიის ჩათვლით) ჩამოყალიბებაზე. პირველი რადიობიოლოგიური გამოკვლევები საქართველოში ჯერ კიდევ გასული საუკუნის 20-იან წლებში ტარდებოდა და, ძირითადად, სამედიცინო პრაქტიკასთან იყო დაკავშირებული, მათ შორის წყალტუბოს რადონის შემცველი წყაროების სამკურნალო ზეგავლენის მექანიზმების შესწავლა. თანამედროვე რადიობიოლოგიური გამოკვლევები საქართველოში ხიროსიმისა და ნაგასაკის ატომური დაბომბვის და ბირთვული ომის რეალური საფრთხის გაჩენის შემდეგ დაიწყო. ამ სამუშაოების სხვადასხვა ასპექტში განსხვავებული ხარისხით იყო ჩართული საქართველოს მრავალი სამეცნიერო დაწესებულება: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის, არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის, მცენარეთა ბიოქიმიის, ექსპერიმენტული მორფოლოგიის, ბოტანიკის, ზოოლოგიის და სხვ. ინსტიტუტები, ჯანდაცვის სამინისტროს სამეცნიერო ინს­ტიტუტები, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო რადიოლოგიის ინსტიტუტი და სხვ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება მის სახელს ატარებს.
ივანე თარხან-მოურავი 62 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი დაკრძალულია ალექსანდრე ნეველის ლავრაში. ცერემონიაზე სიტყვა წარმოთქვა ი.პავლოვმა. იგი თავმჯდომარეობდა აგრეთვე ი.თარხან-მოურავის ხსოვნისადმი მოძღვნილ რუსი ექიმების საზოგადოების საზეიმო სხდომას. 1909 წელს პასტერის ინსტიტუტში ი.თარხან-მოურავის ბიუსტი დაიდგა.

ლიტერატურა

ნანახია: 9453 | შეფასებულია: 3 | რეიტინგი: [5.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 526

ამჟამად საიტზეა: 5

თქვენ ხართ სტუმარი No: 1248041


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.