მსოფლიოს ჯანდაცვა

სიახლეები

მიმოხილვა

თარგმანი

მოლეკულური მედიცინა

ახალი მეთოდები

გაიდლაინი

ადამიანი და გარემო

CASE REPORT

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



ყვავილები ელჯერნონისათვის [5.00]

კანქვეშა ვენური პორტის იმპლანტაცია, მარტივი გამოსავალი გამოუვალი მდგომარეობიდან [4.50]

ფონ ვილებრანდის დაავადება - სისხლის შედედების პათოლოგია [4.00]

ბოტულიზმით განმეორებით დაავადების შემთხვევა [0.00]

დაბალსიხშირული ელექტრომაგნიტური ველის ზემოქმედება ცალკეული ნეირონის ფუნქციონირებაზე [0.00]


ჰიპერბილირუბინემიის მართვა ახალშობილ ბავშვებში, რომელთა გესტაციური ასაკი 35 და მეტი კვირაა [6240]

ბოტულიზმით განმეორებით დაავადების შემთხვევა [3120]

საყლაპავი მილის უცხო სხეულებისა და ტრავმების კვლევისა და მკურნალობის სტანდარტი [2973]

ჰიპოკალცემიის დიაგნოსტიკა და მართვა [2962]

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
WORLD HEALTH ORGANIZATION [2789]


თემების რაოდენობა: 18
კომენტარები: 4

პრესბიაკუზისი: სმენის ფუნქციის ასაკობრივი დაქვეითება

ავტორი: ნ. შარაშენიძე, ი. ხუნდაძე
ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა დეპარტამენტი, თსსუ სიმონ ხეჩინაშვილის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკა
Sharashenidze N, Khundadze I. ENT department, TSSU S. Khechinashvili University Clinic
Presbyacusis: Age-related hearing loss

>>  სმენის ასაკობრივი დაქვეითება ანუ პრესბიაკუზისი ასაკოვანთა საერთო სენია. 69 წლისათვის სმენის მნიშვნელოვანი დაქ­ვეითება საშუალოდ ადამიანთა 44% -ს აწუხებს. 70-დან 79 წლის ასაკისათვის ეს რიცხვი 66%-მდე იზრდება, 80 წლის შემდეგ კი ნახტომისებურად 90%-ს აღწევს. პრესბიაკუზისი დაბერების საერთო პროცესის კერძო გამოვლინებაა და განვითარების მსგავსი მექანიზმები აქვს. ბოლო წლების გამოკვლევებმა ცხადყო ოქსიდაციური სტრესის მნიშვნელობა ასაკობრივი სმენაჩლუნგობის განვითარებაში. შესაბამისად, დაისახა თავისუფალი რადიკალების სიჭარბით გამოწვეული პათოლოგიის ეგზოგენური ანტიოქსიდანტების გამოყენებით პრევენციის შესაძლებლობა.
Age-related hearing loss (presbyacusis) prevails all over the world. By the age 69 years, approximately 44% of the population suffers from significant hearing disturbances. Between the ages of 70 and 79 this number rises up to 66% while after the age of 80 it reaches 90%. Age-related hearing loss is a part of aging process and has thus similar mechanisms and the developmental course. From both direct and indirect evidences a convincing conclusion can be drawn that oxidant stress significantly contributes to age-related hearing loss. Antioxidant supplements logically would attenuate both general and local processes. The accumulated knowledge favors the efforts to elaborate modern prevention and/or treatment strategies in presbyacusis management.


საკვანძო სიტყვები: პრესბიაკუზისი, თავისუფალი რადიკალები, ანტიოქსიდანტები
Key words: presbyacusis, free radicals, antioxidants.

განვითარების თანამედროვე ეტაპზე, თუნდაც მედიცინის წარმატებების გამო, ადამიანის სიცოცხლე საგრძნობლად გახანგრძლივდა. დღეს კონსერვატიულ და ქირურგიულ მკურნალობას ისეთი დაავადებებიც კი ექვემდებარება, რომლებიც ადრე მასიური დაღუპვის მიზეზები იყო. და მაინც, დაბერების ბუნებრივი კანონების წინაშე მეცნიერება მნიშვნელოვანწილად უძლურია. ადამიანის სიცოცხლის ეტაპობრიობა ჩასახვისთანავეა დაპროგრამებული, მისი გენეტიკურად განსაზღვრული მიმდინარეობის შეცვლა კი ძნელად ხერხდება.
ასაკთან დაკავშირებულ ფუნქციურ ცვლილებათა ერთ-ერთი მაგალითი პრესბიაკუზისი, ანუ ასაკობრივი სმენაჩლუნგობაა. ის ძირითადად სენსონერვული ტიპის ორმხრივი, პროგრესირებადი, მაღალსიხშირული სმენის დაქვეითებაა.
სმენის დაქვეითება ასაკოვანთა საერთო სენია. 69 წლისათვის სმენის მნიშვნელოვანი დაქვეითება საშუალოდ ადამიანთა 44% -ს აწუხებს. 70-დან 79 წლის ასაკისათვის ეს რიცხვი 66%-მდე იზრდება, 80 წლის შემდეგ კი ნახტომისებურად 90%-ს აღწევს. სენსონერვული სმენაჩლუნგობის დროს განსაკუთრებით ქვეითდება ცალკეული სიტყვების გარჩევის უნარი, რაც პიროვნებას პრობლემებს უქმნის საზოგადოებასთან ურთიერთობაში. ასეთ მდგომარეობაში 75 წელზე ხნიერ ადამიანთა 40-50% იმყოფება.2 ამავე დროს, თუ 1980 წელს 75 წელზე უფროსი პოპულაცია მსოფლიო მოსახლეობის 11%-ს შეადგენდა, 2030 წლისათვის ამ რიცხვის გაორმაგება არის პროგნოზირებული.5
ასაკობრივი სმენაჩლუნგობა, მართალია, პრაქტიკულად გარდაუვალია, მაგრამ გამოვლინების პერიოდისა და სმენის დაქვეითების ხარისხის მიხედვით ინდივიდუალურ ხასიათს ატარებს. ეს უკანასკნელი მნიშვნელოვანწილად სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. მათ შორის მოიაზრება: გენეტიკა, კვების თავისებურება, სოციალურ-ეკონონომიკური მდგომარეობა, შრომისა და ცხოვრების პირობები და ა.შ.5 სმენის ასაკობრივი დაქვეითება შეიძლება იზოლირებულად მიმდინარეობდეს ან სხვა დაავადებებთან იყოს ასოცირებული – შესაბამისად, არსებობს მონოსინდრომული და სინდრომული პრესბიაკუზისი.
შიდა ყურში მიმდინარე ასაკობრივი პროცესები დიდი ხანია შეისწავლება. დადასტურებულია რეცეპტორული აპარატის დეგენერაციული ცვლილებები. პათოლოგია უპირატესად ლოკოკინას ბაზალურ ხვეულში ვითარდება, რომელიც სწორედ მაღალი სიხშირის ბგერების აღქმას განაპირობებს (სურ. 1). დეგენერაციას განიცდის ლოკოკინას ლატერალურ კედელზე აკრული სისხლძარღვოვანი ზოლიც, რაც მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას ახდენს იონთა ცვლაზე (სურ. 2). მცირდება სპირალური კვანძის უჯრედებისა და სმენის ნერვის ბოჭკოთა რაოდენობა.1 ასაკოვანთა საფეთქლის ძვლების გამოკვლევამ რეცეპტორთა, აგრეთვე, მათი საყრდენი უჯრედების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება აჩვენა, რაც სწორედ ძირითად ხვეულში იყო უპირატესად გამოხატული.8

მოლეკულური მექანიზმები
ვინაიდან პრესბიაკუზისი დაბერების პროცესის ერთ-ერთი გამოვლინებაა, სიბერის მექანიზმის შესწავლა და შესაბამისი ცოდნა ასაკობრივი სმენაჩლუნგობის უკეთ გაგებას და შესაბამის პრევენციულ და სამკურნალო ღონისძიებათა შემუშავებას უწყობს ხელს.
დაბერების პროცესი უამრავ მოლეკულურ, ბიოქიმიურ და ფიზიოლოგიურ ცვლილებებს მოიცავს. მათ შორის ყურადსაღებია დნმ-ის დაზიანება, მიტოქონდრიის დისფუნქცია, უჯრედული წყლის კონცენტრაციის შემცირება, იონური ცვლილებები, სისხლმომარაგების უკმარისობა, უჯრედული მემბრანების ელასტიურობის დაქვეითება. ყოველივე აღნიშნული იმავდროულად სისხლძარღვთა მახასიათებლების ცვლილებებს განაპირობებს. კერძოდ, ქვეითდება სისხლში ერითროციტების გადაადგილების სიჩქარე, მცირდება მათი ელასტიურობა, მატულობს სისხლძარღვების განვლადობა.16 პარალელურად ქვეითდება უჯრედისადმი ჟანგბადისა და საკვები პროდუქტების მიწოდება, გროვდება ნარჩენი პროდუქტები.6,7 რაც მთავარია, რეაქტიული თავისუფალი რადიკალების მნიშვნელოვან ზრდას აქვს ადგილი. აზრი იმის შესახებ, რომ ოქსიდაციური სტრესი სიბერის არსებითი შემადგენელი ნაწილია, სხვადასხვა ორგანიზმზე და სახეობაზე ჩატარებულ გამოკვლევებს ეფუძნება. ჟანგბადის აქტიური ფორმის (ჟაფ) დონე ასაკთან ერთად ყველა ქსოვილში მატულობს.9,13 ჟაფ იმავდროულად მიტოქონდრიული დნმ-ების გადაგვარებას იწვევს და შედეგად მიტოქონდრიულ გენომში მუტაციას აქვს ადგილი.11 მიტიქონდრია უნიკალური ორგანელაა, რომელიც როგორც საკუთარ დნმ-ს, ისე გენეტიკური ინფორმაციის ტრანსკრიპციის და ტრანსლაციისათვის აუცილებელ ენზიმურ სისტემებს წარმოშობს. სიბერისათვის დამახასიათებელი მუტაცია მიტოქონდრიის დნმ-ის (მდნმ) 4877-ე ბაზალურ წყვილს უკავშირდება. როცა გამქრალ მდნმ-თა რაოდენობა გარკვეულ დონეს აღწევს, მიტოქონდრია ბიოენერგეტიკულად უუნარო ხდება. ეს პროცესი იდენტიფიცირებულია გულში, ღვიძლში, კუნთოვან ქსოვილში როგორც ცხოველებში (ვირთაგვა, თაგვი, მაიმუნი), ისე ადამიანში.3 გამოითქვა მოსაზრება, რომ გენური მუტაცია მიტიქონდრიაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის დაავადებათა განვითარებაში. ყურადსაღებია, რომ მდნმ-ის პათოლოგიის მქონე პაციენტთა 67%-ს სმენის სენსონერვული ხასიათის დაქვეითებაც აღენიშნება.1 მდნმ-ის გადაგვარება პოსტმიტოზურ უჯრედებში თავს იჩენს უპირატესად შიდა ყურში, ბადურაში, ჩონჩხის კუნთებში და თავის ტვინში. შესაბამისად, დაბერებისას მატულობს ქსოვილთა მგრძნობელობა ჰიპოქსიის და იშემიის მიმართ.15
მდნმ-ის მუტაციები ასაკთან დაკავშირებული სმენის დაქვეითების მთავარ კომპონენტს წარმოადგენს.15 ადამიანებზე ჩატარებულმა გამოკვლევებმა ასაკობრივ სმენაჩლუნგობასთან მდნმ-ის დაზიანების თანაარსებობა დაადასტურა. პრესბიაკუზისის მქონე ადამიანებში, იდენტური ასაკის ნორმალური სმენის მქონე პირებთან შედარებით, 4977-ე გენის რღვევის მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა. მსგავსი მონაცემები ადამიანის საფეთქლის ძვლების გამოკვლევებით დაფიქსირდა. 4977-ე გენის რღვევა პრესბიაკუზისის შემთხვევათა 82.4%-ში, საკონტროლო ჯგუფში კი მხოლოდ 47.1%-ში აღინიშნა.1

რადიკალების უჯრედული ჰომეოსტაზი
თავისუფალ რადიკალს ნაპირა ორბიტაზე კენტი ელექტრონი გააჩნია და ამის გამო ქიმიურად აქტიური და უაღრესად ტოქსიკურია. ჟაფ-ს უეჭველად ხელეწიფება უჯრედების დაზიანება. რეაქტიულ რადიკალებს (ჰიდროქსილი, პეროქსინიტრიტი) უჯრედის ყველა შემადგენელ ნაწილზე შეუძლია იმოქმედოს – პროტეინებიდან ვიდრე ლიპიდებამდე და დნმ-მდე – და უჯრედების აპოპტოზი და ნეკროზი გამოიწვიოს. მეორე მხრივ, თავისუფალი რადიკალები უჯრედის ნორმალური ფუნქციონირების პროცესში მნიშვნელოვან პოზიტიურ როლსაც ასრულებენ – კერძოდ, მიტოქონდრიების სუნთქვის პროცესის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ჟაფ-ები ფაგოციტების მიერ ორგანიზმის არასპეციფიკურ დაცვით რეაქციათა სტიმულაციის დროსაც წარმოიქმნება.
მითითებული ურთიერთსაპირისპირო ტოქსიური და ფიზიოლოგიური ზემოქმედება რადიკალთა ჰომეოსტაზის სახელითაა ცნობილი. თავისუფალი რადიკალების დონე ორგანიზმში არსებული ბუნებრივი ანტიოქსიდანტური სისტემის საშუალებით მიიღწევა. სპეციალიზირებული ენზიმური სისტემა უჯრედებს ოქსიდაციური დაზიანებისაგან იცავს. ესენია, კერძოდ, სუპეროქსიდდისმუტაზა, გლუტატიონპეროქსიდაზა, გლუტატიონტრანსფერაზა და კატალაზა. გარკვეული ფაქტორების ზემოქმედებით რეაქტიული რადიკალების წარმოქმნასა და მათ განეიტრალებას შორის არსებული ბალანსი ირღვევა, შედეგად ვითარდება ოქსიდაციური სტრესი. მაპროვოცირებელი ფაქტორების რიგს განეკუთვნება იონირება, ულტრაიისფერი გამოსხივება, მედიკამენტური ოტოტოქსიკოზი, ხმაურის ზემოქმედება, სიბერე და სხვ.

ოქსიდაციური სტრესი და სმენის ასაკობრივი დაქვეითება
ჟანგბადის აქტიური მეტაბოლიტები 100-ზე მეტ კლინიკურ პროცესში, მათ შორის, ალცჰაიმერის დაავადების, პარკინსონის დაავადების, სხვა ნეიროდეგენერაციულ დაავადებათა პათოგენეზში იღებს მონაწილეობას.
დაბერების პროცესი ცირკულაციური ფუნქციის მოშლასთან არის დაკავშირებული. ასაკოვანთა სისხლის მიმოქცევის სისტემაში ნაკადის შენელება დადასტურებულ ფაქტს წარმოადგენს,13 არც ლოკოკინაა გამონაკლისი. დადასტურებულია, რომ სისხლის ნაკადის შენელებისა და ჟანგბადის დეფიციტის შედეგად ზიანდება წამწამოვანი უჯრედები და შესაბამისად ქვეითდება სმენა (სურ. 3). ასაკოვანთა ვესტიბულური კიბის სპირალურ იოგში ინტრავასკულარული ჭიმების და ავასკულური არხების რაოდენობა არის მომატებული. მსგავსი, თუმცა ნაკლებად გამოხატული ცვლილებები დაფის კიბის სპირალურ იოგშიც შეინიშნება.8 გვამური მასალის მიკროსკოპულმა შესწავლამ ასაკოვანთა ბაზალური ხვეულის კაპილარში სისხლის ნაკადის შემცირება და შედეგად სისხლის სიბლანტის და ერითრიციტების რიგიდობის მომატება აჩვენა. აღნიშნული ცვლილებები მაღალსიხშიროვან ცვლილებებთან ასოცირდება.4,7
ხანგრძლივი ჰიპოპერფუზია ქსოვილებში ჟანგბადის დაჭიმულობის შემცირებას იწვევს. შედეგად, ოქსიდაციური ფოსფორილირების გზით ზედმეტი ენერგია პროდუცირდება და, შესაბამისად, დიდი რაოდენობით თავისუფალი რადიკალები წარმოიქმნება. ლოკოკინას რეცეპტორები, კერძოდ, გარეთა წამწამოვანი უჯრედები, განსაკუთრებულ მგრძნობელობას ამჟღავნებენ ოქსიდაციური სტრესის მიმართ. ლოკოკინაზე ჩატარებული in vivo გამოკვლევების შდეგებმა ცხადყო, რომ ამინოგლიკოზიდებით, ცისპლატინით, ხმაურით გამოწვეული ასაკობრივი სმენაჩლუნგობის პრევენცია ანტიოქსიდანტების გამოყენებით შეიძლება იყოს მიღწეული.10,12
თავისუფალი რადიკალებით გამოწვეული დაზიანების პრევენცია და მკურნალობა. როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, უჯრედის ნორმალური ცხოველმყოფელობის პროცესში თავისუფალი რადიკალები განუწყვეტლივ სინთეზირდება, მათი ჭარბი რაოდენობის უვნებელყოფა კი ბუნებრივი ანტიოქსიდანტური სისტემით მიიღწევა. დაბერების პროცესში, როგორც რეაქტიული რადიკალების, ისე ანტიოქსიდანტური ენზიმების სინთეზის შემცირების შედეგად თავისუფალ რადიკალთა სინთეზირება-დაშლის ბალანსი ირღვევა.
მუტანტ თაგვებზე ჩატარებულმა გამოკვლევამ ლოკოკინას პათოლოგიაში ანტიოქსიდანტების მნიშვნელოვანი როლი გამოავლინა. სუპეროქსიდდისმუტაზის გენის არარსებობისას პრესბიაკუზისი გაცილებით ადრე და უფრო ინტენსიურად ვითარდებოდა. ამ დროს წამწამოვანი უჯრედების სიცოცხლის ხანგრძლივობაც მოკლდება.11
ზემოთაღნიშნული მიანიშნებს ოქსიდაციური სტრესით განპირობებული პათოლოგიის პრევენციის შესაძლებლობაზე ეგზოგენური ანალოგების გამოყენებით. ამინოგლიკოზიდური რიგის ანტიბიოტიკებით და ხმაურით გამოწვეული სმენის დაქვეითების დროს პრევენციის მნიშვნელობა დადასტურდა.12 პრევენციული ეფექტი პრესბიაკუზისის და დაბერების პროცესში წარმოქმნილ სხვა დისფუნქციათა შემთხვევებში უნდა გამოვლინდეს.
პრესბიაკუზისის პრევენციის მიზნით ვირთაგვების სხვადასხვა ჯგუფში კალორიების შემზღუდავი დიეტა, ვიტამინი E, C და მელატონინი იქნა გამოყენებული.15 უკეთესი პრევენციული შედეგი ანუ სმენის უკეთესი ზღურბლი, გარეთა წამწამოვანი უჯრედების მაქსიმალური შენარჩუნება და მიტოქონდრიების ნაკლები დაზიანება კალორიული შეზღუდვით აღინიშნა. მიღწეული შედეგი იმედის მომცემია, თუმცა ადამიანთა პოპულაციაში კალორიული შეზღუდვები ძნელად მისაღწევი ამოცანაა. მსგავსი შედეგი ანტიოქსიდანტებით ნამკურნალებ ჯგუფშიც იქნა მიღწეული. ანტიოქსიდანტების გამოყენება მარტივია. კლინიკურმა დაკვირვებამ ანტიოქსიდანტთა კომბინაციის განსაკუთრებული ეფექტურობა დაადასტურა.
ამგვარად, პრესბიაკუზისი დაბერების პროცესისათვის დამახასიათებელი პროგრესული სმენაჩლუნგობაა. პრესბიაკუზისი არა მარტო თავად სმენადაქვეითებულებს უქმნის პრობლემებს, არამედ იმ პირებსაც, რომელთაც სმენადაქვეითებულებთან უხდებათ ურთიერთობა. ასაკთან დაკავშირებული სმენის დაქვეითების მოლეკულური მექანიზმების შესწავლამ შიდა ყურის ნეიროეპითელიუმის დაზიანების დროს თავისუფალი რადიკალების წამყვანი როლი გამოავლინა. მომავალი კვლევები ითვალისწინებს ანტიოქსიდანტების ოპტიმალური კომპლექსისა და დოზების რაციონალურ შერჩევას.

ლიტერატურა

ნანახია: 1568 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 462

ამჟამად საიტზეა: 5

თქვენ ხართ სტუმარი No: 609628


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2014 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე აკრძალულია