ავტორი: თ. ჩხიკვაძე, ე. ჭუბაბრია, დ. ჯიქია
თსსუ აკად. ალ. ალადაშვილის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკა
>> მეზენქიმომა კეთილთვისებიანი (mesenchymoma benignum).
სინონიმები: ანგიოფიბროლიპომა, ფიბროლიპოანგიომიომა, რაბდომიოფიბრო–ანგიოლიპომა, მეზენქიმური გამარტომა.
ტერმინი შემოიტანა სტოუტმა (A.P.Stout 1948).
ორი ან მეტი ქსოვილოვანი მეზენქიმური კომპონენტებისა და ფიბროზული ქსოვილისაგან შემდგარი ახალწარმონაქმნი.
ძირითადი ლოკალიზაცია კიდურების და კისრის კუნთების სიღრმეში, ძალზე იშვიათად რეტროპერიტონულ სივრცეში. სიმსივნე გვხვდება ნებისმიერ ასაკში, მეტწილად მამაკაცებში.
კლინიკური შემთხვევა:
პაციენტი ქ.ნ., 22 წლის ქალი, შემოვიდა კლინიკაში გეგმიური წესით, 14.05.2009.
ჩივილები მუდმივი ხასიათის ტკივილზე მარჯვენა თეძოს ფოსოს არეში, ირადიაციით მარჯვენა ბარძაყის ლატერალური ზედაპირისაკენ, კიდურის მოძრაობის შეზღუდვაზე. დაავადების ანამნეზი 2 წელი.
აღნიშნული ჩივილების გამოვლენიდან ორი თვის შემდეგ ბირთვულ-მაგნიტური რეზონანსული ტომოგრაფიით რეტროპერიტონულ სივრცეში, მარჯვენა თეძოს ფოსოს საპროექციო არეში, თეძოს გარეთა და შიგნითა არტერიებს შორის ინახა 10x7.5სმ ზომის მოცულობითი წარმონაქმნი
უკანასკნელი სამი თვის მანძილზე ტკივილის ინტენსივობამ მკვეთრად იმატა, გამოვლინდა მარჯვენა ქვემო კიდურის მოძრაობის შეზღუდვა. ობიექტურად: მარჯვენა თეძოს ფოსოს არეში ღრმა პალპაციით ისინჯებოდა მტკივნეული, მკვრივი-ელასტიკური კონსისტენციის, ნაკლებად მოძრავი წარმონაქმნი. დიაგნოზი: რეტროპერიტონული სივრცის ახალწარმონაქმნი.
მკურნალობა:
14.05.2009 ზოგადი გაუტკივარებით გეგმიური ოპერაცია: ფართე ქვედა შუა ლაპაროტომია. მარჯვენივ მეზოგასტრიუმში, თეძოს ფოსოს არეზე გადასვლით, რეტროპერიტონულად 10x8სმ ზომის, სადა ზედაპირის,შედარებით უძრავი, მკვრივი-ელასტიური კონსისტენციის სიმსივნური წარმონაქმნი. აქვე მიხორცებულია ჭიაყელა დანამატი. ცეკუმისა და ასწვრივი კოლინჯის ცდომა ზევით და ლატერალურად. პარიესული პერიტონეუმის გაკვეთის და თეძო-სუკის კუნთის ბოჭკოების გათიშვის შემდეგ მოხდა წარმონაქმნის ირგვლივ მდებარე და მასთან მჭიდრო კავშირში მყოფი მაგისტრალური სიხლძარღვებისა და მარჯვენა შარდსაწვეთის დიფერენცირება და გამოყოფა. წარმონაქმნი მჭიდროდ იყო ფიქსირებული წელის მალების განივ მორჩებთან. ჩლუნგი და ბასრი წესით წარმონაქმნი ამოიკვეთა კაფსულის მთლიანობის დარღვევის გარეშე. გაკეთდა ტიპიური აპენდექტომია.
ოპერაციის შემდგომი პერიოდი სადა. ჭრილობa შეხორცda პირველადი დაჭიმვით.
18.05.2009 გაეწერა ამბულატორიულ მკურნალობაზე დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში.
ჰისტოპათოლოგიური დიაგნოზი:
გამოკვლეულ კვანძში აღინიშნება მეზენქიმომისათვის დამახასიათებელი ჰისტომორფოლოგიური სურათი ანგიოფიბროლიპომისა და ალაგ ნეიროფიბროლიპომისათვის დამახასიათებელი ელემენტებით, მიქსომატოზისა და ფიბროზის უბნებით.
ნანახია: 6609 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]
შეფასება
შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით
კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით