გაგრძელება, დასაწყისი იხ. მე-10, მე-11, მე-12 ნომრებში
– შენ ყოველთვის იცოდი, ვინ გინდა იყო, ხო? – დამისვა კითხვა.
– მეტ–ნაკლებად.
– გინეკოლოგი... მხოლოდ გამართლებული ნაბიჯები ცხოვრებაში, არც ერთი განზე... მე კი სულ სხვაგვარად ვიცხოვრე. მე მიზნები გამაჩნდა, მაგრამ მიმართულება არ მქონდა. ეს როგორც რუქა გზების გარეშე, მხოლოდ გეოგრაფიული წერტილები. და ყველა ფეხზე მეკიდა, ყველა საკუთარი თავის გარდა. მეცნიერებისთვისაც კი მიმიფურთხებია. ჩემთვის ეს მხოლოდ საშუალებაა... მე საერთოდ გაკვირვებული ვარ, ასეთ მნიშვნელოვან შედეგებს რომ მივაღწიე... საკუთარი მშობლებიც კი მძულდა.
უეცრად სავარძლის სახელურებს მოეჭიდა.
– ცუდად ხარ? – შევშფოთდი მე.
– ისინი მესაუბრებიან, – მიპასუხა მან და თვალები მილულა.
დაახლოებით ერთი საათი გაუნძრევლად იწვა, თითქოს ეძინა. პულსი გავუსინჯე – თანაბარი, სავსე, შუბლს შევეხე – ოდნავ ცივი, შემდეგ წავედი და კიდევ ყავა მოვიმზადე. როცა ვერჯილმა თვალები გაახილა, მე, უსაქმურობის გამო, ჟურნალს ვფურცლავდი.
– ძნელი წარმოსადგენია, როგორ მიედინება მათთვის დრო, – წარმოთქვა მან. – სულ რაღაც სამი თუ ოთხი დღე დახარჯეს ჩვენი ენის და ჩვენი ცივილიზაციის საკვანძო ასპექტების გასაგებად. ახლა ისინი ჩემთან გაცნობას აგრძელებენ. პირდაპირ ძილში. ამ წუთას.
– ეს როგორ?
ვერჯილმა თქვა, რომ რამდენიმე ათასი მკვლევარი მიუერთდა მის ნეირონებს, დაწვრილებით თავადაც ვერ ხვდებოდა.
– ისინი, სავარაუდოა, ძალზე ეფექტურად მოქმედებენ, – დაამატა მან. – და ჯერჯერობით ჩემთვის არავითარი ზიანი არ მოუყენებიათ.
– საავადმყოფოში უნდა წაგიყვანო.
– ისინი იქ აბა რას გააკეთებენ? შენ, მართლა, მოიფიქრე ჩემი ჭკუისკოლოფების შეზღუდვის რაიმე მეთოდი? მე მინდა გითხრა, ესენი ხომ მაინც ჩემი უჯრედები არიან.
– მე ვფიქრობდი ამის შესახებ. ჩვენ შეგვიძლია ისინი შიმშილით დავხოცოთ. საჭიროა მხოლოდ მეტაბოლიზმში განსხვავების მოძებნა...
– მე არ ვარ დარწმუნებული, რომ მათი თავიდან მოცილება მინდოდეს, – წარმოთქვა ვერჯილმა. – ისინი არავითარ ზიანს არ მაყენებენ.
– საიდან იცი?
მან თავი გადააქნია, შემდეგ თითი აწია და გაშეშდა.
– ჩუმად! ისინი ცდილობენ შეიცნონ სივრცე. მათთვის ეს ძალზე რთულია. მანძილს ისინი ქიმიური ნივთიერებების კონცენტრაციით საზღვრავენ. სიდიდე მათთვის – როგორც ძლიერი ან სუსტი ვირუსია.
– ვერჯილ...
– მისმინე! და იფიქრე, ედვარდ. – იგი აგზნებული ტონით ალაპარაკდა: – დააკვირდი! ჩემში რაღაც მნიშვნელოვანი ხდება. ისინი ერთმანეთთან ორგანიზმის სითხეებით ურთიერთობენ, და ქიმიური სიგნალები მემბრანებშიც კი აღწევს. ისინი რაღაც ახალს ქმნიან, შეიძლება ვირუსებს, ნუკლეინმჟავების ჯაჭვებში შენახული ინფორმაციის გადასატანად. ეტყობა, მათ მხედველობაში რნმ აქვთ... სიმართლეს ჰგავს. მე ისინი სწორედ ასე დავაპროგრამე.... მაგრამ კიდევ პლაზმური სტრუქტურები... დასაშვებია, რომ შენმა მანქანებმა სწორედ ისინი გამოყვეს, როგორც ინფექციის ნიშანი – მათი საუბრები ჩემს სისხლში, საინფორმაციო პაკეტები... სხვა ინდივიდების ქიმიური მახასიათებლები. თანასწორების. ხელმძღვანელების. ქვეშევრდომების.
– ვერჯილ, მე ყურადღებით გისმენ, მაგრამ მე მართლა მგონია, რომ უმჯობესია საავადმყოფოში დაწვე.
– ეს ჩემი დღეა, ედვარდ, – თქვა მან. – მე – მათი სამყარო ვარ. ისინი განცვიფრებული არიან ახალი თვალწინ გაშლილი ჰორზონტებით...
ვერჯილი კვლავ ჩაჩუმდა. მის სავარძელთან ჩავიმუხლე და ხალათის სახელოები ავუკეცე. მთელი ხელი ჯვარედინად იყო დასერილი თეთრი ხაზებით. მე უკვე „სასწრაფო დახმარების“ მანქანის გამოსაძახებლად მოვემზადე, რომ იგი უეცრად წამოდგა და გაიზმორა. – შენ ოდესმე თუ დაფიქრებულხარ, შემეკითხა იგი, – რამდენ უჯრედს ვკლავთ ჩვენ ყოველ ჯერზე, როდესაც თუნდაც უმნიშვნელო მოძრაობას ვაკეთებთ?
– მე მანქანას გამოვიძახებ, – ვთქვი მე.
– არა, – წარმოთქვა მან მკაცრად. – მე ხომ ვთქვი, რომ ავად არ ვარ. და მე მინდა საკუთარი თავის განკარგვის უფლება მქონდეს. იცი, რას მიზავენ ისინი საავადმყოფოში?... ეს დაახლოებით იმას ჰგავს, ქვის ხანის ადამიანებმა კომპიუტერის შეკეთება რომ დაიწყონ, იმავე მეთოდით, რომლითაც თავის ქვის ნაჯახებს აკეთებენ. ფარსი...
– მაშინ, ეშმაკმა დალახვროს, მე რას ვაკეთებ აქ? – შევეკითხე გაცეცხლებული. – მე ხომ ვერაფრით გეხმარები. მეც ზუსტად ისეთივე ქვის ხანის ადამიანი ვარ.
– შენ მეგობარი ხარ, – წარმოთქვა ვერჯილმა, თვალებში ჩამხედა და მე ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, რომ ჩემს მხოლოდ ის არ იყურებოდა. – შენ მე კომპანიისთვის მჭირდები. – გადაიხარხარა. – თუმცა სინამდვილეში მე სულაც არ ვარ მარტოსული.
შემდეგი ორი საათი იგი ბინაში დაბორიალობდა, ეხებოდა ნივთებს, ფანჯარებში იცქირებოდა, შემდეგ ნელა, აუჩქარებლად მოამზადა სადილი.
– იცი, მათ მართლაც შეუძლიათ საკუთარი ფიქრების შეგრძნობა, – წარმოთქვა მან შუადღისთვის. – მე ციტოპლაზმას ვგულისხმობ. როგორც ჩანს, მას საკუთარი ნება, ერთგვარი ქვეცნობიერი სიცოცხლე გააჩნია – გონისაგან განსხვავებით, რომელიც უჯრედებმა ახლახანს შეიძინეს. მათ ქანქარისებრად მოძრავი მოლეკულების ქიმიური „ხმაურის“ მსგავსი რამ ესმით.
ორ საათზე მე გეილს დავურეკე და ვუთხარი, რომ მაგვიანდებოდა. დაძაბულობისაგან ვკანკალებდი, მაგრამ ვცდილობდი მშვიდად მელაპარაკა:
– გახსოვს ვერჯილ ულემი? მე მასთან ვარ.
– ყველაფერი რიგზეა? – მკითხა მან.
მეტი არ შეიძლება...
– ყველაფერი მშვენივრადაა, – ვუპასუხე მე.
ვერჯილმა ოთახში სწორედ მაშინ შემოიხედა, როცა მე გეილს დავემშვიდობე და ყურმილი დავკიდე.
– ეს მთელი კულტურაა! – წამოიძახა მან, – ისინი მუდმივად ინფორმაციის ზღაში ბანაობენ. და, მუდამ რაღაც ახალი შეაქვთ მასში. ერთგვარი „გეშტალტი“ გამოდის. უმკაცრესი იერარქია. უჯრედებს, რომლებიც სხვებთან არასწორედ ურთიერთქმედებენ, განსაკუთრებულ ფაგებს უგზავნიან. სპეციალურად დამზადებულია ვირუსები, რომლებიც გამიზნულია კონკრეტული უჯრედების ან ჯგუფებისათვის. მათ საწინააღმდეგოდ არავითარი დაცვა არ არსებობს. ვირუსი გაჩხვლეტს უჯრედს, უკანასკნელი სკდება, ფეთქდება და ქრება. მაგრამ ეს ტირანია არ არის. მე ვფიქრობ, მათ გაცილებით მეტი თავისუფლება აქვთ, ვიდრე დემოკრატიული წყობისას. იმ აზრით, რომ ისინი ძალზე განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. შეგიძლია ეს წარმოიდგინო? ისინი ერთმანეთისაგან ჩვენზე მეტადაც კი განსხვავდებიან.
– გაჩერდი, – ვუთხარი მე და მხრებზე წავავლე ხელი. – ვერჯილ, შენ ძალიან ბევრი და ერთად მომაყარე. მე ამას ვეღარ ვუძლებ. მე არაფერი მესმის და არც თუ ისე მჯერა.
– ახლაც?
– კარგი. დავუშვათ შენ მე მართებულ ე-ე-ე... ინტერპრეტაციას მაძლევ. მართალს. და ეს ყველაფერი ჭეშმარიტებაა. შენ შედეგებზე არ დაფიქრებულხარ? რას ნიშნავს ყველაფერი ეს და სადამდე შეიძლება მივიდეს?
იგი სამზარეულოში გავიდა, ჭიქა წყალი დაისხა, დაბრუნდა და ჩემს გვერდით დადგა. მის სახეზე ბავშვური გატაცება ფხიზელი დარდით შეიცვალა. – მე ყოველთვის ცუდად შემეძლო მომავლის წარმოდგენა.
– არ გეშინია?
– მეშინოდა. მაგრამ ახლა დარწმუნებული არ ვარ. – მან ნერვიულად მოქაჩა თავის ხალათის ქამარი. – იცი, მე არ მინდა, რომ შენ იფიქრო, თითქოს მე შენ გვერდი აგიარე, თავზე გადაგახტი ან როგორც არის, მაგრამ მე გუშინ მაიკლ ბერნარდს შევხვდი. მან თავის კერძო კლინიკაში გამომიკვლია, ნიმუშებიც აიღო ანალიზისათვის. მითხრა, რომ შემეწყვიტა კვარცის ნათურით დასხივება. დღეს დილით, ზუსტად შენს მოსვლამდე, დამირეკა და შემატყობინა, რომ ყველაფერი დასტურდება. მაგრამ მთხოვა, არავისთვის გამემხილა. – ვერჯილი გაჩუმდა, და მის სახეზე კვლავ გაჩნდა მეოცნებე, თვითჩაღრმავებული გამომეტყველება. – უჯრედთა მთელი ქალაქები... ედვარდ, მათ ქსოვილებში ფიმბრიების მსგავსი არხები გაჰყავთ, ინფორმაციის გასავრცელებლად...
– შეწყვიტე! – ვეღარ მოვითმინე მე. – რა დასტურდება?
– როგორც ბერნარდმა თქვა, ჩემს ორგანიზმში აღმოჩენილია „უკიდურესად გადიდებული მაკროფაგოციტები“. და მან დაადასტურა ანატომიური ცვლილებები. ასე რომ, მე და შენ ამ შემთხვევაში არ ვცდებით.
– რას აპირებს?
– არ ვიცი. ვფიქრობ, რომ იგი შეძლებს „გენეტრონის“ ხელმძღვანელობის დარწმუნებას ჩემს ლაბორატორიაში სამუშაოების განახლების თაობაზე.
– შენ ეს გინდა?
– საქმე ლაბორატორიაში არ არის. ახლა მე გაჩვენებ. ნათურის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ მე კიდევ უფრო მეტად შევიცვალე.
მან გაიხსნა ხალათი და იატაკზე დააგდო. მთელი სხეული დასერილი იყო ურთიერთგადამკვეთი თეთრი ხაზებით. ზურგზე, ხერხემლის გასწვრივ, ამ ხაზებმა უკვე წარმოქმნეს მკვრივი ქედი.
– ღმერთო დიდებულო! – ამომხდა მე.
– კიდევ ცოტაც და მე ვერსად გამოვჩნდები, ლაბორატორიის გარდა. ასე შეუძლებელია ადამიანებთან გამოჩენა. საავადმყოფოში კი, როგორც ვთქვი, უბრალოდ ვერ გაიგებენ რა გამიკეთონ.
ილუსტრაციები მომზადებულია ვ. ქურხულის მიერ
გაგრძელება
შემდეგ ნომერში
ნანახია: 8690 | შეფასებულია: 6 | რეიტინგი: [5.00]
შეფასება
შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით
კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით