აქტუალური თემა

სამედიცინო მენეჯმენტი

NOTA BENE

გაიდლაინი

კლინიკური შემთხვევა

ლექტორიუმი

სიახლეები

სიტუაციური ანალიზი

კვლევა

მიმოხილვა

დისკუსია

CASE REPORT

ჩვენი თანამედროვე

ახალი პროექტები

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



გრიპი A (H1N1) – „ღორის გრიპი“ [5.00]

სისხლის მუსიკა [5.00]

გულის ჭრილობის წარმატებული გაკერვა [5.00]

შეუღლებული არააკომოდაციური სიელმის მკურნალობის თავისებურებანი [5.00]

პარკუჭოვანი არითმიის აბლაცია ვალსალვას სინუსიდან [5.00]


ჯანმრთელი დროული ახალშობილის მოვლა სამშობიარო სახლში [8740]

ვენური უკმარისობისა და წყლულების მედიკამენტური მკურნალობა [4845]

გრიპი A (H1N1) – „ღორის გრიპი“ [3985]

Age Dynamics of Volume and Character of Emergency Medicine Concerning Ear, Nose and Throat (ENT) Diseases. [3644]

კლინიკის მართვა [3199]


თემების რაოდენობა: 22
კომენტარები: 4

ჯანმრთელი დროული ახალშობილის მოვლა სამშობიარო სახლში

ავტორი: ექსპერტები:
ი. დავითაია – მედ. მეცნ. დოქტორი, ჩაჩავას სახ. პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის ს/კ ინსტიტუტის ახალშობილთა განყოფილების ხელმძღვანელი, საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი;
ი. ფავლენიშვილი – პროფესორი, ნეონატალური მიმართულების ხელმძღვანელი, თსსუ დიპლომის შემდგომი და უწყვეტი სამედიცინო განათლების ინსტიტუტის დირექტორი.
ავტორთა ჯგუფი:
ე. კანდელაკი – მედიცინის დოქტორი, თსსუ პედიატრიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი;
მ. მაჭარაშვილი – ნეონატოლოგი, მ.შარაშიძის ს/ც გენერალური დირექტორის მოადგილე ნეონატოლოგიასა და პედიატრიაში;
თ. მანჯავიძე – მედიცინის დოქტორი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
მ. მშვილდაძე – ნეონატოლოგი, ჩაჩავას სახ. მეან-გინეკოლოგიისა და პერინატოლოგიის ინსტიტუტი.
ქ. ნემსაძე – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თსსუ პედიატრიის დეპარტამენტის სრული-პროფესორი; მ. იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი;
დ. ტოკლიკიშვილი – ნეონატოლოგი, სამშობიარო სახლი „ბიბიდა“, ნეონატალური სამსახურის ხელმძღვანელი;
ნ. ყავლაშვილი – მედიცინის დოქტორი, თსსუ პედიატრიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი;
მ.ხერხეულიძე – მედიცინის დოქტორი, თსსუ პედიატრიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი.




დეფინიცია1,2
ახალშობილის მოვლის პროცედურების ერთობლიობა, რომელიც ბავშვის დაბადებიდან ხორციელდება რუტინულად, განსაზღვრული თანმიმდევრობით.
ახალშობილის ადეკვატური მოვლის პრინციპების დაცვა მშობიარობის პირველი წუთებიდანვე მინიმუმამდე ამცირებს ახალშობილთა ავდობისა და მოკვდაობის რისკს.
ახალშობილის მოვლის ძირითადი მიზნები:
• ახალშობილის ნორმალური ადაპტაციის ხელშეწყობა;
•  ჯანმრთელობის მდგომარეობის ხელშეწყობა და დაავადებათა პრევენცია;
• მშობლებთან ურთიერთობის დარეგულირება.
გაიდლაინი განკუთვნილია
სამედიცინო პერსონალისთვის, რომელიც მუშაობს ახალშობილებთან სამშობიარო სახლში (განყოფილებაში) – ნეონატოლოგი, მეან-გინეკოლოგი, ოჯახის ექიმი, პედიატრი, ბებია-ქალი, ახალშობილის ექთანი.
გაიდლაინის სამიზნე ჯგუფი:
დროული ჯანმრთელი ახალშობილი ადრეულ ნეონატალურ პერიოდში.

სამშობიარო სახლში ახალშობილის მოვლის აუცილებელი პირობები და სტანდარტული პროცედურები
გარემო3-5,86,87
ახალშობილის პირველადი მოვლის პროცედურე­ბის წარმატებით განხორციელებისათვის აუცი­ლებელია შესაბამისი გარემო პირობების უზრუნველყოფა:
• სითბო და კარგი განათება – სამშობიარო ბლოკში ტემპერატურა არ უნდა იყოს 250C-ზე ნაკლები, არ უნდა იყოს ორპირი ჰაერის ნაკადი, კონდიციონერი;
• სამშობიარო ბლოკი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ახალშობილის მოვლისა და პირველა­დი დახმარებისათვის საჭირო აღჭურვილობითა და მედიკამენტებით;
• მშობიარობამდე 0,5-1სთ-ით ადრე აუცილებელია სხივური გამათბობლის სამუშაო რეჟიმში მოყვანა, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამის ტემპერატურას იმ არეში, სადაც, საჭიროების შემთხვევაში, ტარდება ახალშობილის პირველადი რეანიმაცია-მოვლის პროცედურები;
• საფენი, რომელშიც ხდება ახალშობილის მიღება უნდა იყოს თბილი, სითბოს დაკარგვის პრევენციის მიზნით;
• ახალშობილის მდგომარეობის შეფასება და მოვლის პროცედურები სიცოცხლის პირველ წუთებში უნდა განხორციელდეს დედის სხეულზე (კანით კანთან კონტაქტი) ან სხივური გამათბობლის ქვეშ (რეანიმაციის საჭიროების შემთხვევაში);
• სამედიცინო პერსონალს, რომელიც მონაწილეობს ახალშობილის მიღების, შეფასებასა და მოვლის პროცედურებში, უნდა ეცვას ხელთათმანები.
ახალშობილის მოვლისთვის აუცილებელი აღჭურვილობა სამშობიარო ბლოკში3-5
• ახალშობილის მაგიდა სხივური გამათბობლით;
• თბილი საფენები;
• თბილი ქუდი, წინდები და დასაფარებელი;
• კედლის საათი წამზომით;
• ოთახის ჰაერის თერმომეტრი;
• აღჭურვილობა ზედა სასუნთქი გზების სანაციისთვის;
• აღჭურვილობა ახალშობილის რეანიმაციისათვის (იხ. ახალშობილითა რეანიმაციის გაიდლაინი);
• ელექტრო- ან ვერცხლისწყლიანი თერმომეტრი, რომელზეც შესაძლებელია დაფიქსირდეს 350C-ზე დაბალი ტემპერატურა;
• ძირითადი პრეპარატები (მედიკამენტები რეანიმაციისათვის, ვიტამინი K და თვალის მალამო, ანტისეპტიკური ხსნარი).

ახალშობილის შეფასება3,5
ყველა ახალშობილთან დაბადებისთანავე, ჭიპლარის გადაჭრამდე, აუცილებელია რეანიმაციის საჭიროების შეფასება.
ახალშობილთა რეანიმაციის საჭიროება განისაზღვრება მშობიარობისთანავე 4 ძირითად შეკითხვაზე პასუხით:
• ახალშობილი დროულია?
• სანაყოფე სითხე სუფთაა?
• სუნთქავს ან ტირის?
• კუნთთა ტონუსი კარგია?
ოთხივე კითხვაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში, ახალშობილი არ საჭიროებს რეანიმაციას და ტარდება სტანდარტული მოვლის პროცედურა. 4 კითხვიდან, თუნდაც ერთ კითხვაზე უარყოფითი პასუხი, რეანიმაციის საჭიროებაზე მიუთითებს. (იხ. გაიდლაინი – ახალ­შობილთა რეანიმაცია სამშობიარო ბლოკში).

მოვლის პროცედურები სამშობიარო ბლოკში
• სასუნთქი გზების გამავლობის უზრუნველყოფა;
• სითბოს დაკარგვის პრევენცია;
• ჭიპლარის გადაჭრა;
• აპგარის შკალით შეფასება;
• კანით-კანთან კონტაქტი და პირველი მოჭიდება;
• კონიუნქტივიტის პროფილაქტიკა;
• ჰემორაგიული დაავადების პროფილაქტიკა;
• ანთროპომეტრია.
სამშობიარო ბლოკში სასუთქი გზების გამავლობის უზრუნველყოფისა და სითბოს დაკარგვის პრევენციის თითოეული საფეხური ერთმანეთის მონაცვლეობით ტარდება (იხ. პროტოკოლი).
სასუნთქი გზების გამავლობის უზრუნველყოფა 4,5
სასუნთქი გზების გამავლობის უზრუნველყოფა დამოკიდებულია სეკრეტის რაოდენობაზე. სასუნთქი გზების სანაციის რუტინულად ჩატარება ყველა შემთხვევაში არ არის აუცილებელი.
• თუ სეკრეტის რაოდენობა უმნიშვნელოა, უმჯობესია, ბავშვის გვერდით პოზიციაში მოთავსება რამდენიმე წუთით, სეკრეტი გროვდება ლოყის მიდამოში და თავისუფლად გადმოედინება პირის ღრუდან, ასეთ შემთხვევაში არ არის აუცილებელი სანაციის ჩატარება;
• თუ ბავშვი დაბადებისთანავე თავსდება დედის გულმკერდზე, ბუნებრივად ხდება ლორწოს დრენირება (სეკრეტი თვითონ გადმოედინება);
• ჭარბი სეკრეტის შემთხვევაში შესაძლებელია, საჭირო გახდეს ზერელე სანაცია:
•• ზერელე სანაციის დროს ბავშვის თავი გვერდით უნდა იყოს გადაწეული. სანაცია ტარდება შემდეგი თანმიმდევრობით: ჯერ პირი, შემდეგ ცხვირი.
•• სანაცია ტარდება სტერილური რეზინის ბალონით ან მექანიკური ასპირატორის 8-10Fr კათეტერით. უარყოფითი წნევა არ უნდა აღემა­ტებოდეს 100 მმ.ვწყ.სვ; იმ შემთხვევაში, როდე­საც სანაყოფე სითხე სუფთაა, უპირატესობა ენიჭება სანაციისათვის სტერილური რეზინის ბალონის გამოყენებას. თუ გამოიყენება კათეტერი, სანაციის დრო არ უნდა იყოს 5წმ-ზე მეტი.
არ არის რეკომენდებული ღრმა სანაციის ჩატარება. ღრმა სანაცია იწვევს ხახის უკანა კედლის გაღიზიანებას, ცთომილი ნერვის აღგზნებას, რასაც შეიძლება მოჰყვეს ბრადიკარდიისა და აპნოეს განვითარება.5
სითბოს დაკარგვის პრევენცია3-9,86-87
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ჰიპოთერმიის რისკის შემცირების მიზ­ნით, ყველა ახალშობილთან აუცილებელია „თბილი ჯაჭვის“ 10 საფეხურის დაცვა:
• თბილი სამშობიარო ბლოკი (25-28°C), ბავშვის მაგიდა და საწოლი უნდა იყოს ფანჯარას მოცილებული;
• სწრაფი გამშრალება და სველი საფენის მოშორება; თავზე მიზანშეწონილია ქუდის დახურვა, რადგან სწორედ თავიდან ხდება ყველაზე მეტი რაოდენობით სითბოს დაკარგვა;
• კანით-კანთან კონტაქტი – შიშველი ჯანმრთელი ახალშობილის დედის სხეულზე მოთავსება (ზემოდან საბნის დაფარება), სითბოს დაკარგვის პრევენციის იდეალური მეთოდია (რეკომენდაცია A)9;
• ძუძუთი კვება – ადრეული დაწყება და მოთხოვნილებითი კვება უზრუნველყოფს ბავშვს სათანადო კალორიებით, რათა მან მოახერხოს სითბოს წარმოქმნა;
• აბაზანის გადავადება – ბავშვის დაბანა დაბადებისთანავე იწვევს მისი სხეულის ტემპერატურის მკვეთრ დაქვეითებას, ამიტომ საჭიროა აბაზანისგან თავის შეკავება, სანამ არ მოხდება ახალშობილის სხეულის ტემპერატურის სტაბილიზაცია (მინიმუმ 6 სთ, ან ტემპერატურის სტაბილიზაციიდან 2-4 სთ) (მტკიცებულების დონე I)9. აწონვის გადავადება – ბავშვის აწონვა მიზანშეწონილია დაბადებიდან 2 სთ-ში, სასწორზე უნდა მოთავსდეს წინასწარ შემთბარი საფენი;
• სათანადო ტანსაცმლისა და საბნის შერჩევა;
• დედის და ბავშვის ერთად ყოფნა;
• თბილი ტრანსპორტი – თუ ბავშვს სჭირდება ტრანსპორტირება, აუცილებელია ამ დროს სითბოს უზრუნველყოფა;
• სითბო რეანიმაციის დროს – ბავშვის მიღება წინასწარ შემთბარ საფენში, მისი მოთავსება 0,5-1 საათით ადრე ჩართული სხივური გამათბობლის ქვეშ, გამშრალება და სველი საფენის მოშორება, თავზე ქუდის დახურება, რეანიმაციისათვის თბილი ტენიანი ჟანგბადის გამოყენება;
• მედპერსონალის განათლება.
ჭიპლარის დამუშავება12-20,87
ჯანმოს მიერ რეკომენდებულია ჯანმრთელ ახალშობილებთან ჭიპლარის გადაჭრა სიცოცხლის პირველ წუთზე აპგარის შკალით შეფასებამდე.4,14
ჭიპლარის გადაჭრა პირველ წუთზე ხელს უწყობს პლაცენტიდან დამატებითი სისხლის გადასვლას ახალშობილის ორგანიზმში და იცავს მას სიცოცხლის პირველ წელს რკინადეფიციტური ანემიის განვითარებისაგან.3,4 თუ ახალშობილს ესაჭიროება პირველადი რეანიმაცია ჭიპლარი იჭრება პირველ 10წმ-ში.5 ჭიპლარის ერთ წუთზე უფრო გვიან გადაჭრის შემთხვევაში მაღალია ჰიპერვოლემიის განვითარების რისკი, რაც თავის მხრივ იწვევს სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირების დარღვევას.
• ჭიპლარს გადაჭრამდე ედება 2 ქირურგიული მომჭერი. პირველი – ჭიპის რგოლიდან 2 თითის (3-4სმ) ზემოთ, მეორე კი – ჭიპის რგოლიდან 4 თითის დაშორებით;4
• ჭიპლარს ეხვევა დოლბანდის საფენი, რომ გადაჭრისას არ მოხდეს სისხლით დასვრა;
• უკანასკნელი მონაცემებით, რეკომენდებულია პლასტმასის მომჭერის გამოყენება. მისი არარსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია ელასტიური ლიგატურის გამოყენება;
• ჭიპლარის გადაკვანძისათვის არ შეიძლება არაელასტიური მასალის გამოყენება, ვინადან დაახლოებით 1 სთ-ის შემდეგ ჭიპლარის ქსოვილი მცირდება მოცულობაში, ლიგატურა ეშვება და მაღალია სისხლდენის განვითარების და ინფიცირების რისკი;
• გადაჭრა ხდება სტერილური ლანცეტით ან მაკრატელით;
• ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით მიზანშეწონილია, ჭიპლარის მშრალი მოვლა, საპნითა და წყლით გასუფთავება საჭიროა მხოლოდ მისი შარდით და განავლით დაბინძურებისას (მტკიცებულების დონე I).4,14 თუმცა იმ ქვეყნებში, სადაც მაღალია ჭიპლარის ბაქტერიული კონტამინაციის რისკი, დასაშვებია მისი დამუშავება ანტისეპტიკური ხსნარით. ამ მიზნით გამოიყენება ქლორჰექსიდინი ან პოვიდონ-იოდინის ხსნარი.12-20
• არ არის რეკომენდებული ჭიპლარის ტაკვზე ნახვევის დადება, ახალშობილის ინფიცირების რისკის შემცირებისა და ჭიპლარის ტაკვის სწრაფი მუმიფიკაციის ხელშეწყობის მიზნით.4,14 ჭიპლარის ტაკვი არ უნდა მოხვდეს ბავშვის ერთჯერადი საფენის ქვეშ.4,14 თავისუფლად უნდა მოთავსდეს ტანსაცმლის ქვეშ.
შეფასება აპგარის შკალით4,5
აპგარის შკალა მრავალი წელია გამოიყენება ახალშობილის ადაპტაციის შესაფასებლად სიცოცხლის პირველ წუთებში. აპგარის შკალით შეფასება ტარდება სიცოცხლის პირველ და მეხუთე წუთზე. ნორმის შემთხვევაში, აპგარით შეფასება უნდა იყოს 7-10 ქულა. I წუთზე აპგარის ქულა გვიჩვენებს ახალშობილის საწყის სტატუსს. ხოლო შემდეგი შეფასების ქულები მიუთითებენ, თუ რამდენად ადექკვატურად პასუხობს ახალშობილი სამედიცინო პერსონალის მიერ ჩატარებულ ქმედებებს და შესაძლებელია გამოყენებული იყოს ნევროლოგიური გამოსავლის შესაფასებლად.
აპგარის შკალა არ გამოიყენება რეანიმაციის საჭიროების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ტარდება ახლშობილის პირველადი რეანიმაცია, აპგარით შეფასება იწყება 1 წუთზე და მეორდება ყოველ 5 წუთში ერთხელ, 20 წთ-ის განმავლობაში.

კანით კანთან კონტაქტი და ძუძუთი კვების ადრეული დაწყება (იხ. ძუძუთი კვების გაიდლაინი)
კანით-კანთან კონტაქტი გულისხმობს შიშველი ახალშობილის (ახალშობილს თავზე უნდა ეხუროს ქუდი და ეცვას წინდები) მოთავსებას დედის გულმკერდზე, აუცილებელია დედას და ბავშვს ეფაროს საბანი. ჯანმრთელი, დროული ახალშობილის კანით-კანთან კონტაქტი დედასთან უნდა განხორციელდეს ფიზიოლოგიური მშობიარობისთანავე და გაგრძელდეს არანაკლებ 30 წუთისა, ჯანმოს რეკომენდაციით სასურველია, ჯანმრთელი ახალშობილი დედის სხეულზე იწვეს 2 სთ-ის განმავლობაში.4,21,86-87
კანით-კანთან კონტაქტის დროს, არ არის მიზანშეწონილი დედა-შვილის უყურადღებოდ დატოვება. შესაძლებელია თავდგმური ოჯახის წევრი იყოს.
საკეისრო კვეთის შემდეგ შესაძლებელია განხორციელდეს ახალშობილის კანით-კანთან კონტაქტი მამასთან.
• კანით-კანთან კონტაქტის პროცესში აუცილებელია ახალშობილის ძუძუზე პირველი მოჭიდების ხელშეწყობა, როცა ბავშვს გამოუვლინდება ძუძუთი კვების შესაბამისი მზაობის ნიშნები (რეკომენდაცია D);22
• ძუძუთი კვება უნდა დაიწყოს ფიზიოლოგიური მშობიარობიდან 1 საათის განმავლობაში. არ არის რეკომენდებული ბავშვის იძულებით ან დაჩქარებული წესით ძუძუზე მოჭიდების განხორციელება;
• ზოგადი ნარკოზით საკეისრო კვეთის შემთხვევაში, ძუძუთი კვება უნდა განხორციელდეს დედისა და ბავშვის სრული გამოფხიზლების შემდეგ (დაახლოებით 2-3 საათში).
კანით კანთან კონტაქტი და ძუძუთი კვების ადრეული დაწყება ხელს უწყობს: 4,21
• ეფექტური წოვითი რეფლექსების ჩამოყალიბებას (მტკიცებულების დონე II);23,24
• ახალშობილის სხეულის ნორმალური ტემპერატურის შენარჩუნებას (მტკიცებულების დონე I);25-27
• დედისა და ახალშობილის მშობიარობის სტრესის მოხსნას;
• ბავშვის კანზე დედის მიკრობული ფლორის კოლონიზაციას;
• ლაქტაციის პროცესის სტიმულირებას (მტკიცებულების დონე II);28-32
• ოქსიტოცინის გამომუშავებას, საშვილოსნოს შეკუმშვას და ქალის დაცვას მშობიარობის შემდგომი სისხლდენისაგან (მტკიცებულების დონე II);33
• დედასა და ბავშვს შორის მჭიდრო ფსიქოემოციური კავშირის დამყარებას (მტკიცებულების დონე II);33,34
• ხსენის მიღებას პირველი ერთი საათის განმავლობაში და ახალშობილის ინფექციებისგან დაცვას (რეკომენდაცია B);31,34-37
ახალშობილის მონიტორინგი სამშობიარო ბლოკში4,14,38
სიცოცხლის პირველი 2 სთ-ის განმავლობაში ყველა ახალშობილი, მათ შორის ჯანმრთელიც, აუცილებლად საჭიროებს პერიოდულ მეთვალყურეობას. 15-30 წთ-ში ერთხელ უნდა შეფასდეს, ვიტალური ნიშნები:
• სუნთქვის სიხშირე;
• გულისცემის სიხშირე;
• კანის ფერი.
სხეულის ტემპერატურა უნდა გაიზომოს დაბადებიდან 30 წთ-ში და 2 სთ-ში. თუ პირველი გასინჯვის შემდეგ ფიქსირდება დაბალი ტემპარატურა, საჭიროა ბავშვის გათბობა და ტემპერატურის შედარებით ხშირი კონტროლი (იხ. ჰიპოთერმიის მართვის გაიდლაინი).
კონიუნქტივიტის პროფილაქტიკა4,38,39,87
ახალშობილთა ოფთალმიის (გონოკოკური და ქლამიდიური კონიუნქტივიტი) პროფილაქტიკის მიზნით მშობიარობიდან ერთი საათის განმავლობაში ერთჯერადად გამოიყენება ტეტრაციკლინის 1% ან ერითრომიცინის 0,5% მალამო. მალამოს 0,5 სმ უნდა მოთავსდეს თვალის ქვედა ქუთუთოს კონიუნქტივის გარსზე, ქუთუთოზე თითების ნაზი მოძრაობით მალამო ნაწილდება კონიუნქტივაზე. 1 წუთის შემდეგ მალამოს ნარჩენი შეიძლება მოიწმინდოს სტერილური ტამპონით.
თვალის დამუშავებამდე უნდა განხორციელდეს კანით-კანთან კონტაქტი, რათა ახალშობილს მიეცეს შესაძლებლობა დაინახოს და აღიქვას დედა.
ჰემორაგიული დაავადების პროფილაქტიკა3,4,41-53,87
• ახალშობილთა ჰემორაგიული დაავადების პრევენციის მიზნით რეკომენდებულია K ვიტამინის გამოყენება. K ვიტამინი მაღალი ეფექტურობით ხასიათდება და სარწმუნოდ იცავს ახალშობილს ჰემორაგიული დაავადებისაგან;
• K ვიტამინის გამოყენება მიზანშეწონილია დაბადებიდან 1-2 სთ-ის განმავლობაში.
შესაძლებელია K ვიტამინის ორალური ფორმის გამოყენება, რომლის მიცემა იწყება სამშობიარო სახლში და აუცილებლად უნდა გაგრ­ძელდეს ბინაზე, დოზირება და სქემა ისაზღვ­რება მწარმოებლის ინსტრუქციის მიხედვით. საქართველოში რეგისტრირებულია K1 ვიტამინის ორალური ფორმა – „კა-ვიტ“ (ფიტომენადიონი), რომელიც ჯანმრთელ დროულ ახალშობილში გამოიყენება დოზირების რეჟიმით:
I დოზა – სიცოცხლის I დღეს – „კა-ვიტ“-ის 2მგ (ანუ 2 წვ);
II დოზა – სიცოცხლის III დღეს – 2მგ (ანუ 2 წვ);
III დოზა – სიცოცხლის მე-4 კვირიდან მე-6 კვირამდე პერიოდში – 2მგ (ანუ 2 წვ).
უკანასკნელი წლების მონაცემებით უპირატესობა ენიჭება K ვიტამინის შეყვანის პარენტერულ გზას,41-53 რადგან ის იცავს ახალშობილს როგორც ადრეული, ასევე გვიანი ჰემორაგიული დაავადების განვითარებისგან, განსხვავებით ორალური ფორმისგან, რომლის გამოყენებისას მაღალია გვიანი ჰემორაგიული დაავადების განვითარების რისკი.
ამერიკის პედიატრიის აკადემია უპირატესობას ანიჭებს K1 ვიტამინის პარენტერულ გამოყენებას (დოზა – 0,5-1,0მგ), ვინაიდან იგი უშუალოდ მიიტანება და დეპონირდება ღვიძლში. საქართველოში აღნიშნული მედიკამეტი არ არის რეგისტრირებული, გამოიყენება ვიკასოლი (ვიტამინი K3) 2მგ. მისი შეყვანის ადგილია ბარძაყის კუნთის წინა ლატერალური მხარე. არ არის რეკომენდებული K ვიტამინის დუნდულოში გაკეთება, რაც ზრდის ნერვის ან სისხლ­ძარღვის დაზიანების რისკს. ამასთან აღსანიშნავია, რომ ვიკასოლის მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს ჰემოლიზი.42,49,50
ახალშობილის მარკირება
ახალშობილის მარკირება ტარდება სამშობიარო ბლოკში მოვლის პროცედურების მსვლელობისას. დაბადებისას სამაჯურზე იწერება დედ-მამის გვარი, ისტორიის ნომერი, დაბადების დრო, სქესი. ტყუპების შემთხვევაში სამაჯურზე უნდა დაეწეროს I ტყუპი, II ტყუპი და ა.შ. ანთროპომეტრიის შემდეგ სამაჯურზე დამატებით ფიქსირდება შესაბამისი მაჩვენებლები.
ანთროპომეტრია
დაბადებიდან 2 საათში აუცილებელია ახალშობილის ანთროპომეტრული მონაცემების შეფასება (იხ. პროტოკოლი – ანთროპომეტრიის ტექნიკა):4,54-56
• სხეულის მასა;
• სხეულის სიგრძე;
• თავის გარშემოწერილობა.
ახალშობილის სხეულის მასის შეფასება უნდა მოხდეს გესტაციურ ასაკთან მიმართებაში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 2500 გრამზე ნაკლები წონის ახალშობილებისათვის (იხ. პროტოკოლი – ახალშობილის ფიზიკური განვითარების შეფასება).4

ახალშობილის ჩაცმა4,57
ახალშობილი უნდა იყოს ჩაცმული, რომ მან თავი კომფორტულად იგრძნოს. ტანსაცმელი უნდა იყოს თავისუფალი, ნატურალური ბამბის ქსოვილის. თავზე უნდა ეხუროს თხელი ქუდი. არ არის მიზანშეწონილი ახალშობილის მჭიდროდ შეხვევა, რადგან:
• იზღუდება დიაფრაგმის მოძრაობა;
• ქვეითდება სისხლის ცირკულაცია;
• იზღუდება ახალშობილის თავისუფალი მოძრაობა;
• საფენსა და კანს შორის არსებული ჰაერის თხელი ფენა ვერ უზრუნველყოფს სითბოს შენარჩუნებას.

ახალშობილის პირველი სრული გასინჯვა4,38,39,87
ახალშობილის სრული გასინჯვა მიზანშეწონილია ჩატარდეს დაბა­დე­­ბიდან 2 სთ-ის შემდეგ, კარგად განათებულ, თბილ ოთახში. პირველ რიგში ფასდება ახალშობილობის პერიოდის ზოგადი საშიშროების ნიშნები:
• ტაქიპნოე > 60-ზე;
• ბრადიპნოე < 30-ზე;
• სიყვითლე განვითარებული პირველ დღეს ან სიყვითლე ნებისმიერ დღეს, რომელიც ვრცელდება ტერფსა და მტევანზე;
• ლეთარგია;
• ცხვირის ნესტოების ვიბრაცია;
• გულმკერდის მკვეთრი რეტრაქცია;
• გულყრა;
• სხეულის ტემპერატურის მომატება 38°C და მეტი;
• სხეულის ტემპერატურა < 35°C–ზე;
• კანის ფერის ცვლილებები: სილურჯე ან სიყვითლე, გამოხატული სიფერმკრთალე;
• სისხლდენა ჭიპლარის ჭრილობიდან.
საშიშროების ნებისმიერი ნიშნის არსებობა მიუთითებს სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობის არსებობაზე, რაც საჭიროებს დამატებით გამოკვლევას და საჭიროებისას რეფერალის განხორციელებას.
გასინჯვისას უნდა შეფასდეს ანტე და ინტრანატალური ანამნეზი, ახალშობილის გესტაციური ასაკი და სიმწიფე, ვიტალური ფუნქციები, ინსპექციის, პალპაციის, პერკუსიის და აუსკულტაციის გამოყენებით ყველა ორგანო და სისტემა. ახალშობილი უნდა დათვალიერდეს მთლიანად, ყურადღება უნდა მიექცეს დისემბრიოგენეზული სტიგმების და ანომალიების არსებობას. გასინჯვის მონაცემები უნდა დაფიქსირდეს ახალშობილის ისტორიაში, ანთროპომეტრული მონაცემები – მასა, სიგრძე თავის გარშემოწერილობა – გადატანილი უნდა იყოს შესაბამის დიაგრამაზე.

ყოველდღიური მოვლის პროცედურები სამშობიარო სახლის პოსტნატალურ პალატაში:
• სახის, თვალის, ყურის, ცხვირის და კანის ტუალეტი;
• ჭიპლარის ტაკვის დამუშავება;
• აწონვა;
• დაბანა, ჩაბანვა;
• იმუნიზაცია;
• სკრინინგი.

ახალშობილის ვიტალური ფუნქციების შეფასება და გასინჯვა პოსტნატალურ პალატაში4,38,39,87
თითოეულ ახალშობილს ყოველდღიურად უტარდება სასიცოცხლო ფუნქციების მარტივი მონიტორინგი. ფასდება გულისცემისა (ნორმა 120-160) და სუნთქვის სიხშირე (ნორმა 40-60), ტემპერატურა (36,5-37,5°C), კანის ფერი. ყოველდღიურად ტარდება გასინჯვა და ფასდება ახალშობილობის ზოგდი საშიშროების ნიშნები (გარდა იმ ნიშნებისა, რაც ფასდება I გასინჯვის დროს, დამატებით უნდა შეფასდეს, ხომ არ არის გამოხატული შემდეგი ნიშნები – სისხლი განავალში, შეუპოვარი ღებინება, ჭიპის რგოლის გარშემო სიწითლე და შეშუპება, რომელიც ვრცელდება 1 სმ და მეტ დიამეტრზე, ჩირქი, უსიამოვნო სუნი, ვერ იღებს საკვებს).
გაწერის წინ აუცილებელია ახალშობილის სრული გასინჯვა.
მნიშვნელოვანია სამშობიაროში ახალშობილის დიურეზისა და დეფეკაციის კონტროლი.
ახალშობილის დიურეზი38
• დაბადებიდან პირველი სამი დღის განმავლობაში შარდვის სიხშირე 6-ზე ნაკლებია ფიზიოლოგიური ანურიის გამო;
• ახალშობილის შარდვის სიხშირე 3-4 დღის შემდეგ უნდა იყოს მინიმუმ 6-ჯერადი 24 სთ­ში;
• თუ შარდვის სიხშირე 6-ჯერზე ნაკლებია, სავარაუდოა არაეფექტური ძუძუთი კვება (იხ. ძუძუთი კვების გაიდლაინი);
• თუ 24 საათის განმავლობაში არ გამოიყო შარდი საჭიროა:
• მუცლისა და გენიტალიების განმეორებით გასინჯვა;
• კვების ეფექტურობის შეფასება;
• შარდის ბუშტის კათეტერიზაცია და შარდის ანალიზის ჩატარება;
• სპეციალისტის კონსულტაცია და რეფერალი ჰოსპიტალში.
ახალშობილის დეფეკაცია38
• მეკონიუმის გამოყოფა უნდა დაიწყოს 24 სთ-ს განმავლობაში. დაბადებიდან რამდენიმე დღე ახალშობილი გამოყოფს მეკონიუმს, რომელსაც მუქი მწვანე ფერი და წებოვანი კონსისტენცია აქვს. მე-4-5 დღისთვის განავლის მწვანე შეფერილობა იცვლება მოყვითალო შეფერილობით. ნაწლავთა მოქმედება ძუძუთი კვებაზე მყოფ ზოგიერთ ახალშობილს აქვს ყველა კვების შემდეგ, ზოგიერთს კი დღეში ერთხელ ან რამდენჯერმე.
• თუ განავლის გამოყოფა არ ხდება, საჭიროა:
•• მუცლისა და გენიტალიების განმეორებით გასინჯვა;
•• კვების ეფექტურობის შეფასება;
•• თუ 48 სთ-ის შემდეგ კვლავ არ გამოიყოფა განავალი, საჭიროა დამატებითი კვლევის ჩატარება;
•• სპეციალისტის კონსულტაცია და რეფერალი ჰოსპიტალში.

სახის, თვალის, ყურის, ცხვირის და კანის ტუალეტი პოსტნატალურ პალატაში38,39,56,58-68
ახალშობილის ყოველდღიური ტუალეტი ტარდება დილით კვების წინ:
• სახის დაბანა და თვალების ტუალეტი – თითოეული თვალის დასამუშავებლად გამოიყენება სტერილურ წყალში დასველებული ტამპონი;
• ყურის გაწმენდა ბამბის ფთილით – დაუშვებელია ამ მიზნით ბამბადახვეული ჩხირის გამოყენება;
• ცხვირის გასუფთავება ბამბის ტამპონის ბრუნვითი მოძრაობით, ქერქების არსებობისას ტამპონი დასველებული უნდა იყოს ვაზელინის ზეთში. თუ ახალშობილს აღენიშნება ცხვირის გაჭედვა და ძნელდება სუნთქვა, მიზანშეწონილია თბილი ფიზიოლოგიური ხსნარის ან ნატრიუმის ბიკარბონატის 2%-იანი ხსნარის გამოყენება (2 წვ);
• საფენებით გამოწვეული დერმატიტის პრევენციის მიზნით საჭიროა (მტკიცებულების დონე I-II):10,65-68
•• საფენების ხშირი გამოცვლა;
•• ბავშვის ჩაბანა ყველა დეფეკაციის შემდეგ. ჩაბანა საჭიროა ყოველი საფენის გამოცვლის შემდეგ. გოგონა ჩაიბანება წინიდან-უკანა მიმართულებით. ჩაბანის შემდეგ აუცილებელია კანის საგულდაგულოდ გამშრალება (მტკიცებულების დონე I, II-2).58-62 თუ არ არის ჩაბანის საშუალება, შესაძლებელია კანის გაწმენდა სპეციალური სველი ხელსახოცით;
•• ბავშვის პუდრის რუტინული გამოყენება კანის დასამუშავებლად არ არის რეკომენდებული (მტკიცებულების დონე I-III);63-64
•• საფენების დერმატიტის დროს საჭიროა მიზეზის დადგენა, კანის დაცვა თუთიის ოქსიდის შემცველი მალამოთი (მტკიცებულების დონე III);10
•• თუ საფენების დერმატიტი განპირობებულია Candida albicans-ით, საჭიროა ანტიფუნგალური მალამოს გამოყენება, ეფექტურია ჰაერის და სინათლის ზემოქმედებაც (მტკიცებულების დონე III);10
•• საფენების დერმატიტის დროს ანტიბიოტიკის შემცველი მალამოს რუტინული გამოყენება არ არის რეკომენდებული.

ჭიპლარის დამუშავება პოსტნატალურ პალატაში12-20
მეტად მნიშვნელოვანია:
• ჭიპის არის სისუფთავის და სიმშრალის უზრუნველყოფა, თუ ჭიპი დაბინძურდა შარდით და განავლით, შესაძლებელია მისი გასუფთავება სტერილური წყლით ან საპნიანი წყლით. (მტკიცებულების დონე I,II);10
• ჯანმოს რეკომენდაციით საჭიროა ჭიპლარის მშრალი მოვლა, ჭიპლარის ტაკვი არ უნდა მოხვდეს ბავშვის ერთჯერადი, საფენის ქვეშ.4,14 განვითარებად ქვეყნებში სადაც მაღალია ომფალიტის განვითარების რისკი, ჭიპლარის დასამუშავებლად შესაძლებელია გამოყენებული იყოს ანტისპეტიკური ხსნარები (ქლორჰექსიდინი და პოვიდონ იოდინი) (მტკიცებულების დონე II).54,65
• არ არის რეკომენდებული ჭიპის არის შეხვევა ან მასზე პლასტირის დაწებება.66
მიზანშეწონილია პერსონალის და ოჯახის წევრების ინფორმირება ჭიპლარის შეხორცების მექანიზმის შესახებ და ჭიპის მოვლის პრინციპებზე(მტკიცებულების დონე I):10,66
1. ჭიპის დამუშავებამდე ხელების დაბანა;
2. ჭიპის სისუფთავის და სიმშრალის უზრუნველყოფა;
3. ჭიპის ტაკვის დაცვა შარდისა და განავლის ნაწილაკებისგან.
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ბავშვი ეწერება ბინაზე ჭიპლარის ტაკვით. კვლევები ადასტურებენ, რომ აღნიშნული ტაქტიკა მკვეთრად ამცირებს ინფიცირების რისკს.4,14 თუმცა, ასეთი ბავშვების ბინაზე მოვლა პირველადი ჯანდაცვის რგოლის სპეციალისტების ინფორმირებასა და შესაბამის მომზადებას საჭიროებს.

ახალშობილის დაბანა4,14,69-73
• არ არის რეკომენდებული ახალშობილის დაბანა დაბადებისთანავე, ეს ზრდის ჰიპოთერმიის რისკს;4,14
• ახალშობილის პირველი დაბანა უნდა განხორციელდეს, მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოხდება ახალშობილის სხეულის ტემპერატურის სტაბილიზაცია, დაბადებიდან 6-24 საათის შემდეგ (მტკიცებულების დონე I).8,10,72-73 პერსონალის და ახალშობილის უსაფრთხოების მიზნით ახალშობილის პირველი დაბანა უნდა განხორციელდეს ხელთათმანებით (მტკიცებულების დონე I);38
• არ არის რეკომენდებული საცხის მთლიანად მოცილება, საცხი იცავს ბავშვს ინფექციებისგან და სითბოს დაკარგვისაგან. (მტკიცებულების დონე III);10,69-70
• ახალშობილის დაბანისას არ არის რეკომენდებული საპნის რუტინული გამოყენება. უმჯობესია გამოყენებული იყოს ნეიტრალური pH ის მქონე დასაბანი გელი;60,65,71
• წყლის ტემპერატურა უნდა იყოს 37-38°C: (მტკიცებულების დონე I-II);10
• დაბანის შემდეგ ახალშობილი მაშინვე კარგად უნდა გამშრალდეს, შემოეხვიოს 2 საფენი, დაეხუროს ქუდი დაახლოებით 5-10 წთ-ში მას უნდა ჩააცვან და შეუცვალონ ქუდი (მტკიცებულების დონე I); 10
• დედას უნდა ასწავლონ როგორ დაბანოს ახალშობილი სამშობიაროდან გაწერის შემდეგ და დაიცვას უსაფრთხოების წესები. მშობლებს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია, რომ ვერტიკალური აბაზანა (ბავშვი მთელი სხეულით თავსდება წყალში, დაფარულია მხრები – სპეციალური აბაზანა) არის ბავშვის კომფორტის და ჰიგიენის დაცვის უსაფრთხო და ეფექტური მეთოდი (მტკიცებულების დონე I).10,69

აწონვა38,39
სამშობიარო სახლში მიზანშეწონილია ბავშვის ყოველდღიური აწონვა მასის ფიზიოლოგიური კლების კონტროლის მიზნით (იხ. ფიზიკური განვითარების გაიდლიანი და პროტოკოლი).

იმუნიზაცია4
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინსიტროს მიერ დამტკიცებული იმუნიზაციის ეროვნული კალენდრის შესაბამისად, სამშობიარო სახლში ახალშობილს დაბადებიდან 12 სთ-ში უტარდება B ჰეპატიტის, სიცოცხლის მე-2-5 დღეს კი – ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინაცია (იხ. იმუნიზაციის ბრძანება).
B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია
ახალშობილებში მაღალია B ჰეპატიტით ინფიცირების სიხშირე (70-90%-მდე) ვერტიკალური ტრანსმისიის გზით. თუ ინფიცირებული დედის ახალშობილი დაბადებისთანავე არ მიიღებს B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინას და სპეციფიკურ იმუნოგლობულინს იგი 90%-ში ხდება B ჰეპატიტის ვირუსის ქრონიკული მტარებელი და მათგან შემთხვევათა 50-70%-ში ვითარდება ღვიძლის ციროზი და ციროზ-კიბო.
თუ ინფიცირებული დედის ახალშობილს დაბადებისთანავე გაუკეთდება B ჰეპატიტის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინი და ჩაუტარდება ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სრული კურსი (3 აცრა), 95-98% ვითარდება მყარი იმუნიტეტი.
თუ ორსულს ანტენატალური ვიზიტის დროს (12-13 კვირა) ჩატარებული აქვს სკრინინგი B ჰეპატიტზე და სკრინინგის პასუხი დადებითია, ტარდება კონფირმაციული ტესტი.
• თუ ტესტი უარყოფითია – ახალშობილს დაბადებიდან პირველ 12 საათში უტარდება მხოლოდ B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია HB-VAX II დოზა – 5 მკგ (0.5 მლ);
• თუ ტესტი დადებითია, ახალშობილს ვაქცინაციასთან ერთად უკეთდება სპეციფიკური იმუნოგლობულინი (დოზა 40სე/კგ-ზე. მაქსიმუმ 200 სე).
B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და იმუნოგლობულინის შეყვანა ხდება ერთდროულად, სხვადასხვა ფეხის ბარძაყის წინა ლატერალურ ზედაპირზე, დაბადებიდან პირველ 12 საათში (იხ. იმუნიზაციის ბრძანება და დანართი).
BCG ვაქცინაცია
ტუბერკულოზის პრევენციის საუკეთესო საშუალებაა ახალშობილის BCG ვაქცინაცია. ვაქცინაცია ტარდება საქართველოს აცრის კალენდრის შესაბამისად სიცოცხლის მე-2-5 დღეს, ბავშვის სამშობიარო სახლიდან გაწერამდე.
ვაქცინაცია ტარდება ტუბერკულინის შპრიცით, დოზით 0,05 მლ, კანში, მხრის ზედა მესამედში. დაუშვებელია საინექციო არის დამუშავება ანტისეპტიკით (იხ. იმუნიზაციის ბრძანება და დანართი).

სკრინინგი
ახალშობილის სიცოცხლის მე-4-5 დღეს სამშობიარო სახლში ტარდება სკრინინგი ფენილკეტონურიასა და ჰიპოთირეოზზე. სისხლის აღება ხდება ქუსლიდან სპეციალურ საშრობ ქაღალდზე. მასალა იგზავნება შესაბამის ლაბორატორიაში სადიაგნოსტიკოდ. სისხლის მოცემულ ვადაზე ადრე აღების შემთხვევაში, მაღალია ცრუ დადებითი პასუხების რისკი.
დედის და ახალშობილის ერთად ყოფნა4,38
სამშობიარო სახლში დედა და ახალშობილი (მათ შორის საკეისრო კვეთის შემთხვევაში) დღისით და ღამით ერთ პალატაში უნდა იმყოფებოდეს, გარდა იმ პერიოდისა, რომელიც საჭიროა სხვადასხვა ჰიგიენური, თუ სამედიცინო პროცედურების ჩატარებისათვის.
დედა-ბავშვის ერთად ყოფნა:4
• საშუალებას აძლევს დედას კვებოს ბავშვი, როცა იგი ამჟღავნებს შიმშილის ნიშნებს, მისი მოთხოვნილების შესაბამისად (იხ. ძუძუთი კვების და ბაკსის გაიდლაინი);
• ხელს უწყობს დედისა და ბავშვის მჭიდრო ფსიქო-ემოციური კავშირის დამყარებას, დედობრივი გრძნობის ჩამოყალიბებას;74-79
• დადებითად აისახება დედის დამოკიდებულებაზე ძუძუთი კვებისადმი;65
• აუმჯობესებს ძუძუთი კვების პროცესს;80-81
• ამცირებს ბავშვთან ინფექციის განვითარების რისკს;82-83
• ხელს უწყობს ძუძუთი კვების ხანგრძლივობის გაზრდას და ძუძუთი კვების ეფექტურ განხორციელებას, ზრდის ძუძუთი კვების სიხშირეს და ამცირებს ქალის რძის შემცვლელების დამატების საჭიროებას;
• შესაძლებელია მხოლოდ უმნშივნელოდ დაირღვეს დედის ძილი, მაგრამ უმჯობესდება ბავშვის ძილი, ბავშვები უფრო მშვიდად არიან და ნაკლებად ტირიან (მტკიცებულების დონე II);
• დედისა და ბავშვის ერთად ყოფნა წარმოადგენს აუცილებელ პირობას მოთხოვნილებითი ძუძუთი კვების წარმატებით განხორცილებისთვის (მტკიცებულების დონე I).

გარემო4,38,84
პოსტნატალურ პალატაში ტემპერატურა არ უნდა იყოს 25°C-ზე ნაკლები. პალატაში უნდა იყოს მაგიდა მოვლის სხვადასხვა პროცედურის ჩასატარებლად. სასურველია პალატაში იყოს სველი წერტილი. ბავშვის ლეიბი უნდა იყოს მაგარი. არ შეიძლება ბალიშის გამოყენება.

ახალშობილის ისტორიაში ფიქსირდება ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:38
• ბლოკში ჩატარებული ყველა მანიპულაცია და მოვლის პროცედურა;
• პირველი გასინჯვის და ყველა შემდგომი შეფასებისას მიღებული მონაცემები;
• ანთროპომეტრული მონაცემები: მასა, სიგრძე და თავის გარშემოწერილობა და მასის ცვლილების დინამიკა;
• კვების ხასიათი და რეჟიმი;
• შარდის და განავალის გამოყოფა;
• იმუნიზაცია, სკრინინგი და ჩატარებული გამოკვლევა.

ახალშობილის გაწერა სამშობიარო სახლიდან (განყოფილებიდან)4,38,85
გაწერის კრიტერიუმებია:
• აქტიური და ჯანმრთელი ახალშობილი;
• ეფექტური კვება;
• წონაში კლების შეჩერება ან მატების დაწყება;
• სხეულის ტემპერატურის შენარჩუნება;
• დროული იმუნიზაცია;
• ახალშობილის წონა > 2000 გ;
• დედას/ბავშვის მომვლელს შეუძლია ახალშობილის მოვლა.
სამშობიაროდან ბინაზე ახალშობილი ეწერება სიცოცხლის მე-4–5 დღეს.

რა უნდა იცოდეს დედამ გაწერისას4,38,84-85
• როგორ კვებოს ახალშობილი (ძუძუთი კვების პრინციპები – იხ. ბუნებრივი კვების გაიდლაინი);
• როგორ მოუაროს და ჩააცვას ახალშობილს;
• როდის მიმართოს ექიმს (საშიშროების ნიშნები):
•• სუნთქვის გახშირება;
•• მკვნესარე სუნთქვა;
•• კრუნჩხვა;
•• სხეულის ტემპერატურის მომატება 38°C და მეტი;
•• სხეულის ტემპერატურა < 35°C-ზე;
•• კანის ფერის ცვლილებები: სილურჯე ან სიყვითლე, გამოხატული სიფერმკრთალე;
•• ჭიპის რგოლის გარშემო სიწითლე და შეშუპება, რომელიც ვრცელდება 1 სმ და მეტ დიამეტრზე, ჩირქი, უსიამოვნო სუნი;
•• სისხლდენა ჭიპლარის ჭრილობიდან;
•• ღებინება, სისხლი განავალში.
• როდის და სად აიყვანოს აღრიცხვაზე შემდგომი მეთვალყურეობისთვის – გაწერისას (ახალშობილის დედას ხელზე ეძლევა ამონაწერი ახალშობილის განვითარების ისტორიიდან, რომლის საფუძველზე პირველადი ჯანდაცვის რგოლის შესაბამის დაწესებულებაში იხსნება ჯანმრთელობის ბარათი ახალშობილისათვის);
• შემდგომი იმუნიზაციის აუცილებლობა;5
• ბავშვისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა და განვითარების ხელშეწყობა;
• ჩვილის უეცარი სიკვდილის სინდრომის პრევენცია (ბავშვს უნდა ეძინოს ცალკე საწოლში, მაგრამ მშობლების ოთახში, მშობლებმა არ უნდა მოწიონ თამბაქო ბავშვის ოთახში, ბავშვს უნდა ეძინოს ზურგზე და მაგარ ზედაპირზე, ბავშვი არ უნდა გადახურდეს).

ლიტერატურა

ნანახია: 8739 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 469

ამჟამად საიტზეა: 5

თქვენ ხართ სტუმარი No: 668730


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2014 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე აკრძალულია