პალიატიური მედიცინა

სამედიცინო ეთიკა და დეონტოლოგია

NOTA BENE

კვლევა

გაიდლაინი

პრეს–რელიზი

სიახლეები

ახალი მეთოდები

მიმოხილვა

CASE REPORT

კლინიკური კვლევა

ჩვენი თანამედროვე

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



მორფინი [5.00]

საზარდულის თიაქრების ღია პროთეზირებადი პლასტიკის ალტერნატივა – დესარდას მეთოდი [5.00]

მემკვიდრული თრომბოფილიის მოლეკულურ-გენეტიკური ასპექტები და მისი როლი თრომბოზის პათოგენეზში [5.00]

E ვიტამინის შემცველი კონტაქტური ლინზები გლაუკომის სამკურნალო [5.00]

მოზრდილთა წელის ტკივილი [5.00]


მოზრდილთა წელის ტკივილი [6429]

პერინატალური ინფექციები [5909]

ვერლჰოფის დაავადების გამო წარმოებული სპლენექტომიის იშვიათი გართულება – თირკმელზედა ჯირკვალში სისხლჩაქცევა [5009]

პრაქტიკული რჩევები პალიატიური მედიცინით დაკავებულ ექიმებს [4920]

ეთიკა ონკოლოგიაში [4620]


თემების რაოდენობა: 24
კომენტარები: 0

პერინატალური ინფექციები

ავტორი: მ. ბუწაშვილი (ექიმი-ინფექციონისტი) , გ. კამკამიძე (ექიმი-იმუნოლოგი)
გაიდლაინი (ნაწილი 2) – წარმოდგენილია საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაციის მიერ (GAMS)
გაგრძელება, დასაწყისი იხ. წინა ნომერში


კლინიკური სიმპტომატიკა (კერძო ნაწილი)
4.1 წითურა
ორსულ ქალში წითურას ვირუსით ინფიცირებამ შეიძლება გამოიწვიოს როგორც კლინიკურად გამოხატული წითურას განვითარება, ასევე სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს და შეუმჩნეველი დარჩეს.
თანდაყოლილი წითურას სინდრომის კლინიკური გამოვლინებები შეიძლება დაიყოს სამ ჯგუფად:
• პირველი ჯგუფის გამოვლინებები დაკავშირებულია თვით ვირუსული ინფექციის მიმდინარეობასთან. ისინი ვლინდება სიცოცხლის პირველ კვირებში, შემდგომში აღარ მეორდება და არ არის ასოცირებული პერმანენტულ შედეგებთან. ასეთი მდგომარეობების მაგალითებია: დაბალი წონა, თრომბოციტოპენიური პურპურა, ჰეპატოსპლენომეგალია, გენერალიზებული ლიმფადენოპათია და მენინგოენცეფალიტი.
• კლინიკური გამოვლინებების მეორე ჯგუფი წარმოდგენილია განვითარების ანომალიებით და გამოწვეულია ვირუსის ზეგავლენით ორგანოგენეზის პროცესზე. ეს კლინიკური მდგომარეობები პერმანენტული ხასიათისაა და მოიცავს: სიყრუე (თანდაყოლილი წითურას ყველაზე ხშირი გამოვლინება); თვალის დაზიანებები, როგორიცაა კატარაქტა, თანდაყოლილი გლაუკომა, სტრაბიზმი და მიკროფთალმია; გულის დაზიანებები, როგორიცაა არტერიული სადინარის შეუხორცებლობა, პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტი; ცენტრალური ნერვული სისტემის პათოლოგიები – მიკროცეფალია და გონებრივი განვითარების შეფერხება.
• მესამე ჯგუფის კლინიკური გამოვლინებები არის მოგვიანებითი და შეიძლება გამოვლინდეს მოზარდობის ან მოზრდილობის პერიოდშიც კი. ეს გამოვლინებებია მოგვიანებითი სიყრუე, ინსულინ დამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი, გონებრივი განვითარების შეფერხება, ე.წ. „მოგვიანებითი დაავადება“ გამონაყრის, პნევმონიის, დიარეის და ფიზიკურ განვითარებაში ჩამორჩენის სახით. ამ „მოგვიანებითი დაავადების“ მიზეზად მიჩნეულია იმუნური კომპლექსების წარმოქმნა, რომლებიც ლაგდება სხვადასხვა ორგანოებში და კლინიკურად ვლინდება დაბადებიდან დიდი ხნის შემდეგ.
4.2 მარტივი ჰერპესის ვირუსით ინფექცია
HSV-1 და HSV-2 ახასიათებთ განსხვავებული ტროპიზმი. HSV-1 ძირითადად იწვევს ორალურ-ლაბიალურ ინფექციას. HSV-2 კი – ძირითადად გენიტალურ ინფექციას და აქედან გამომდინარე, ნეონატალურ ინფექციას. თუმცა ორივე ვირუსს აქვს უნარი დააზიანოს არა მხოლოდ მისთვის ჩვეული, არამედ სხვა უბანიც. მარტივი ჰერპესის ვირუსით ინფექცია ძალიან ფართოდ არის გავრცელებული, განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობაში. HSV-1 გავრცელება მნიშვნელოვნად სჭარბობს HSV-2-სას და ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, აღემატება 90%-ს. პირველადი ინფექცია ხშირ შემთხვევაში სრულიად უსიმპტომოა და შეუმჩნეველი რჩება. ინფიცირებულთა დიდ ნაწილს მთელი სიცოცხლის მანძილზე არ აღენიშნება ინფექციის არც ერთი რეციდივი.
მხოლოდ კლინკური ნიშნების მიხედვით გენიტალურ ჰერპესულ ინფექციაზე მსჯელობა არ არის შესაძლებელი, ვინაიდან აქტიური ინფექციის 75% სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს ან კლინიკური გამოვლინებები პაციენტისთვის სრულიად შეუმჩნეველი რჩება. დანარჩენ 25%-ში კლინიკური ნიშნები შეიძლება მინიმალური დაზიანებიდან და დისკომფორტიდან ისეთ მძიმე გამოვლინებებამდე მერყეობდეს, როგორიცაა ბილატერალური გენიტალური წყლულები, ტკივილი, დიზურია, საკრალური პარესთეზია, რეგიონული ლიმფური კვანძების გადიდება, სხეულის ტემპერატურის მომატება და საერთო სისუსტე.
ახალშობილის მარტივი ჰერპესის ვირუსით ინფექცია კლასიფიცირდება შემდეგნაირად:
• კანის, თვალის და/ან პირის ღრუს დაავადება
• ენცეფალიტი კანის და ლორწოვანი გარსების დაზიანებასთან ერთად ან მათი დაზიანების გარეშე.
• დისემინირებული დაავადება სხვადასხვა ორგანოთა სისტემების დაზიანებით, როგორიცაა ცენტრალური ნერვული სისტემა, ფილტვები, ღვიძლი, თირკმელზედა ჯირკვალი, კანი, თვალი, ლორწოვანი გარსები.
ვინაიდან უკანასკნელ ათწლეულში განვითარებულ ქვეყნებში დაიხვეწა ნეონატალური ჰერპესის მართვა და ანტივირუსული მკურნალობა დროულად და ეფექტურად ტარდება, დისემინირებული ფორმა უკვე დიდ იშვიათობას წარმოადგენს. სპეციფიური ანტივირუსული მკურნალობის შემოღებამდე დისემინირებული ფორმის ნეონატალური ჰერპესის დროს სიკვდილობა ერთი წლის ასაკისათვის 85% აღწევდა, ხოლო ცნს-ის ფორმის დროს-50%-ს. ანტივირუსული მკურნალობის ჩატარება ამ ციფრებს ამცირებს 54% და 14%-მდე, შესაბამისად. რაც შეეხება კანის, თვალის და პირის ღრუს ფორმას, ანტივირუსული მკურნალობის გარეშე იმ ახალშობილებში, რომლებსაც მხოლოდ ბუშტუკოვანი გამონაყარი აღენიშნებათ, 70%-ში შეიძლება დაავადება პროგრესირდეს და ცენტრალური ნერვული სისტემის და სხვადასხვა ორგანოების დაზიანება გამოიწვიოს. ამიტომ ანტივირუსული მკურნალობის არსებობამდე საშუალოდ 35-40%-ს აღენიშნებოდა განვითარების ანომალიები, მკურნალობის ეპოქაში კი ეს ციფრი მნიშვნელოვნად შემცირდა და არ აღემატება 5%-ს.
4.3 ჩუტყვავილა-ზოსტერის ვირუსით ინფექცია
ორსული, რომელსაც ჩუტყვავილა არა აქვს გადატანილი, იმყოფება პირველადი ინფექციის რისკის ქვეშ, თუმცა ხშირ შემთხვევაში კლინიკურად მსჯელობა იმაზე, გადატანილი აქვს თუ არა ინფექცია, შეუძლებელია, ვინაიდან ზოგჯერ ჩუტყვავილა-ზოსტერის ვირუსით ინფექცია სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. გადატანილ ინფექციაზე მსჯელობა შესაძლებელია მხოლოდ სეროლოგიური გამოკვლევით. დაავადება მოზრდილებში უფრო სერიოზულ კლინიკურ მიმდინარეობას იძენს, ვიდრე ბავშვებში და ეს განსაკუთრებით ეხება ორსულებს. მძიმე მიმდინარეობის ერთ-ერთ პროგნოზულ ნიშნად ითვლება გამონაყარის ელემენტებში ჰემორაგიები. ორსულ ქალს შეიძლება განუვითარდეს ისეთი გართულებები, როგორიცაა პნევმონია, ენცეფალიტი, პერიკარდიტი, გლომერულონეფრიტი და ჰემორაგიული ჩუტყვავილა.
როგორც აღვნიშნეთ, ჩუტყვავილას ნაყოფზე გადაცემის რისკი არ არის მაღალი. რისკი მინიმალურია ორსულობის პირველ ტრიმესტრში და შედარებით მატულობს მე-13-მე-20 კვირაზე. თანდაყოლილი ჩუტყვავილას სინდრომი შეიძლება მიმდინარეობდეს სხვადასხვა კლინიკური გამოვლინებებით. თითქმის ყველა შემთხვევაში აღინიშნება ახალშობილის დაბალი წონა. ხშირად არის გამოხატული კანის ნაწიბუროვანი დაზიანებები. გამონაყარის ელემენტები ძირითადად ლოკალიზებულია დერმატომების მიდამოში მოზრდილთა ზოსტერული გამონაყარის მსგავსად. ზოგიერთ ახალშობილში აღინიშნება ჩონჩხის ანომალიები, განსაკუთრებით მტევნის ძვლების. ნევროლოგიურ გამოვლინებებს მიეკუთვნება გონებრივ განვითარებაში ჩამორჩენა, მიკროცეფალია, ქერქის ატროფია, სმენის დაქვეითება. შესაძლოა ასევე მხედველობის ორგანოს პათოლოგიები ქორიორეტინიტის, მიკროფთალმიის, კატარაქტის, მხედველობის ნერვის ატროფიის და სტრაბიზმის სახით. საჭმლის მომნელებელი სისტემის დაზიანებებიდან შეიძლება შეგვხვდეს გასტროეზოფაგური რეფლუქსი, თორმეტგოჯა ნაწლავის სტენოზი, მიკროკოლონი და სიგმოიდური კოლინჯის ატრეზია.
ლეტალობა თანდაყოლილი ჩუტყვავილას დროს ძალიან მაღალია და სხვადასხვა კვლევებით 40-100% აღწევს. ცოცხლად გადარჩენილებში თითქმის ყველა შემთხვევაში აღინიშნება მძიმე ნევროლოგიური გამოვლინებები.
თუ დედა ჩუტყვავილას ვირუსით დაინფიცირდა ორსულობის ბოლო 3 კვირის განმავლობაში, შემთხვევათა 25-50%-ში შეიძლება განვითარდეს მუცლადყოფნის ან ნეონატალური ჩუტყვავილა. თუ გამონაყარი ქალს გამოუვლინდა მშობიარობამდე 5 დღის ან მშობიარობიდან 2 დღის განმავლობაში, ახალშობილის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა ხოლმე. ლეტალობა 30%-ს აღწევს. რაც უფრო დიდია შუალედი გამონაყრის განვითარებიდან მშობიარობამდე, მით უფრო კეთილთვისებიანი მიმდინარეობით ხასიათდება ჩუტყვავილა ახალშობილში, ვინაიდან დედის ანტისხეულები ასწრებს გამომუშავებას, გაივლის პლაცენტას და იცავს ბავშვს.
4.4 ციტომეგალოვირუსული ინფექცია
ორსულებში პირველადი ციტომეგალოვირუსული ინფექცია უმეტესად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს მონონუკლეოზისმაგვარი სინდრომი ტემპერატურის მომატებით, ლიმფადენოპათიით, ყელის ტკივილით და ჰეპატოსპლენომეგალიით. ლატენტური ინფექციის რეაქტივაცია უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
სიმპტომური ცმვ ინფექცია აღენიშნება თანდაყოლილი ცმვ მქონე ახალშობილთა 5-10%-ს. ტიპიური კლინიკური გამოვლინებები მერყეობს ზომიერიდან გენერალიზებულ, უმძიმესი მიმდინარეობის ინფექციამდე და მოიცავს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა თრომბოციტოპენიური პურპურა (შემთხვევათა 76%-ს), ჰეპატოსპლენომეგალია (60%-ს), სიყვითლე (67%-ს), მიკროცეფალია (53%-ს), ინტრაცერებრული კალციფიკატები და ქორიორეტინიტი. გენერალიზებული ინფექციის დროს ადექკვატური ინტენსიური თერაპიის დროსაც კი ლეტალობა მაღალია. ზოგიერთ შემთხვევაში ახალშობილი შეიძლება სრულიად ჯანმრთელად გამოიყურებოდეს და კლინიკური ნიშნები მოგვიანებით გამოვლინდეს. მაგალითად, თანდაყოლილი ციტომეგალოვირუსული ინფექციის მქონე ახალშობილთა 5-15%-ს დაავადების ერთ-ერთი ხშირი ნიშანი – სმენის დაქვეითება – შეიძლება გამოუვლინდეს მხოლოდ წლების შემდეგ. ინფექციის კიდევ ერთი შესაძლო გვიანი გამოვლინებაა პნევმონია, რომელიც ჩვეულებრივ, 1-4 თვის ასაკში ვლინდება.
ლაბორატორიული მაჩვენებლებიდან თანდაყოლილი ცმვ ინფექციის მქონე ბავშვს შეიძლება აღენიშნოს ალანინამინოტრანსფერაზის მომატება, თრომბოციტოპენია, ჰიპერბილირუბინემია, თავზურგტვინის სითხეში პროტეინების მომატება.
თანდაყოლილი ცმვ ინფექციის მქონე ბავშვთა საშუალოდ 10%-ს აღენიშნება ფსიქომოტორული დარღვევები. რისკი მაღალია იმ ბავშვებში, რომელთაც სიმპტომები ახალშობილობის პერიოდშივე გამოუვლინდებათ. თუმცა შორეული შედეგები შეიძლება უსიმპტომო ინფექციის მქონე ბავშვებშიც აღინიშნოს. ამ მიმართულებით ძირითადად შეიძლება შეგვხვდეს გონებრივი განვითარების ჩამორჩენა, სპასტიური კვადრიპლეგია, სმენისა და მხედველობის მოშლა (ეს უკანასკნელი შეიძლება იყოს ქორიორეტინიტის ან მხედველობის ნერვის ატროფიის შედეგი). ქორიორეტინიტი ვითარდება სიმპტომური თანდაყოლილი ცმვ ინფექციის მქონე ბავშვთა 10-15%-ში. იგი თითქმის ყოველთვის ასოცირებულია გონებრივი განვითარების შეფერხებასთან. შორეული პროგნოზი მძიმეა კალციფიკატების მქონე ბავშვებში ან თავზურგტვინის სითხეში პროტეინების მაღალი კონცენტრაციით არსებობისას.
ლეტალობა სიმპტომური თანდაყოლილი ციტომეგალოვირუსული ინფექციის დროს საშუალოდ 30%-ს უდრის.
ყველა ბავშვი, რომელიც თანდაყოლილი ციტომეგალოვირუსული ინფექციით იბადება, მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს წლების მანძილზე, მინიმუმ სასკოლო ასაკამდე და რეგულარულად უნდა უტარდებოდეს სმენის შემოწმება.
4.5 ადამიანის პაპილომავირუსული ინფექცია (აპვ)
ორსულ ქალს, (ისევე, როგორც ზოგადად ქალს) აპვ შეიძლება ჰქონდეს კლინიკური, სუბკლინიკური და ლატენტური ფორმით. კლინიკურად გამოვლინებული ინფექციის დამაზიანებელი გავლენა ადვილად ვლინდება კოლპოსკოპიური, ციტოლოგიური და ჰისტოლოგიური გამოკვლევებით. სუბკლინიკური ფორმის დროს აპვ დნმ ვლინდება დნმ ჰიბრიდიზაციის და PCR მეთოდებით, ხოლო კოლპოსკოპიით აღინიშნება ეპითელიუმის მინიმალური ცვლილებები. ლატენტური ინფექცია კოლპოსკოპიური, ციტოლოგიური და ჰისტოლოგიური გამოკვლევით არ ვლინდება, თუმცა ეპითელიუმში, რომელიც კლინიკურად და ჰისტოლოგიურად პათოლოგიური ცვლილებების გარეშეა, აპვ დნმ-ის გამოვლენა შესაძლებელია შესაბამისი მეთოდებით.
დედიდან ბავშვზე ვირუსის გადაცემის შედეგი შეიძლება იყოს როგორც ახალშობილის სასუნთქი და საჭმლის მომნელებელი სისტემების, ასევე გენიტალური სისტემის დაზიანება. თუმცა ზოგჯერ შეიძლება ვერტიკალური გზით შეძენილი ინფექცია წლების მანძილზე მიმდინარეობდეს ლატენტურად და რეაქტივაცია და კლინიკური გამოვლინება მოხდეს .ინფიცირებიდან რამდენიმე თვის ან წლის შემდეგაც კი.
ჩვილ ბავშვებში აპვ ინფექციის ყველაზე ხშირი გამოვლინებაა ხორხის პაპილომები, ანუ სასუნთქი სისტემის მორეციდივე პაპილომატოზი. კლინიკური გამოვლინებები, ჩვეულებრივ, იწყება ხმის შეცვლით ან ჩახლეჩით, რასაც შემდგომში მოსდევს სუნთქვის რიტმის დარღვევა და სტრიდორი. ხორხის პაპილომები ძირითადად ლოკალიზებულია სახმო იოგებზე და ხორხსარქველზე, თუმცა შეიძლება ვრცელდებოდეს მთელ ხორხზე, ასევე ტრაქეასა და ბრონქებზე და იშვიათად მოიცვას ფილტვებიც. დაზიანებები შეიძლება იყოს ერთეული ან მრავლობითი. ბავშვებში პაპილომების ქირურგიული მოცილების აუცილებლობა ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე მოზრდილებში და მათში მალიგნიზაციის სიხშირეც (ხორხის კარცინომა) აღემატება მოზრდილებისას. ხორხის პაპილომებისთვის დამახასიათებელია რეციდივები რადიკალური ქირურგიული მკურნალობის შემდეგაც კი. ზოგიერთ შემთხვევებში ოპერაციული ჩარევა აუცილებელი ხდება ყოველწლიურად და უფრო ხშირადაც. ხორხის პაპილომების კიდევ ერთი თავისებურებაა სპონტანური რეგრესირების უნარი. რემისია შეიძლება იყოს დროებითი და კვლავ შეიცვალოს რეციდივით, ან შესაძლოა არასდროს განმეორდეს. სპონტანური რემისიები განსაკუთრებით ხშირია პუბერტატულ პერიოდში, ხოლო რეციდივების და დაავადების მძიმე მიმდინარეობის მაღალი სიხშირე მოდის ორსულობის პერიოდზე.
4.6 ქლამიდიოზი
ქალებში შემთხვევათა 70%-ში ქლამიდიოზი შეიძლება უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს. კლინიკურად გამოვლენილი ქლამიდიოზის შემთხვევაში აღინიშნება გამონადენი საშოდან, რომელიც ზოგჯერ შეიძლება სისხლიანიც იყოს. ქლამიდიოზით დაავადებულ ქალთა 20-40%-ში დროული დიაგნოსტიკისა და სწორი მკურნალობის ჩაუტარებლობის შემთხვევაში არსებობს მენჯის ღრუს ანთებითი დაავადებების განვითარების რისკი, რომელთა რიცხვს მიეკუთვნება ენდომეტრიტი, სალპინგიტი და აბსცესები. ქლამიდიოზის შორეულ გართულებებს მიეკუთვნება: უნაყოფობა, საშვილოსნოსგარე ორსულობა, მენჯის ღრუს ქრონიკული ტკივილი.
მამაკაცებში ქლამიდია ურეთრის დაზიანების ხშირი მიზეზია, თუმცა ქლამიდიოზის მქონე მამაკაცთა 50%-ში დაავადება ყოველგვარი სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს. დანარჩენ 50%-ში ვლინდება ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა შარდვის გაძნელება, წვა შარდვის დროს, გამონადენი. როგორც სიმპტომური, ისე უსიმპტომო მიმდინარეობის დროს ქლამიდიოზი შეიძლება გართულდეს წინამდებარე ჯირკვლის ანთებით.
გარდა სასქესო ორგანოების დაზიანებისა, ქლამიდიამ შეიძლება გამოიწვიოს ასევე კონიუნქტივიტი, სახსრების და კანის დაზიანება, საშარდე გზების ანთებითი დაავადება. ასეთი სიმპტომებით ქლამიდიოზი შეიძლება მიმდინარეობდეს როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში.
ორსულებში არანამკურნალებმა ქლამიდიოზმა შეიძლება გამოიწვიოს მშობიარობის დროს ტემპერატურის მომატება და მშობიარობისშემდგომი ენდომეტრიტი. ჯერ კიდევ სადავოდ რჩება, იწვევს თუ არა ორსულის ქლამიდიოზი დღენაკლობას და დაბალწონიანი ახალშობილის დაბადებას. თუმცა ზოგიერთი კვლევის შედეგები ამის სასარგებლოდ მეტყველებს.
ახალშობილებში ქლამიდიოზის ყველაზე ხშირი გამოვლინებაა კონიუნქტივიტი (ქლამიდიოზის მქონე ორსულების ახალშობილთა 20-50%-ში) და ინტერსტიციული პნევმონია (ქლამიდიოზის მქონე ორსულების ახალშობილთა 10-20%-ში). კონიუნქტივიტის მქონე ახალშობილებს ხშირად აღენიშნებათ ასევე ნაზოფარინგეალური ინფექცია. კონიუნქტივიტი კლინიკურად, ჩვეულებრივ, ვლინდება დაბადებიდან 1-3 კვირიანი ინკუბაციური პერიოდის შემდეგ. შემთხვევათა 70%-ში კონიუნქტივიტი ორმხრივია და მოიცავს როგორც ზედა, ისე ქვედა ქუთუთოს. სიმძიმის ხარისხი მერყეობს მსუბუქიდან, რომელსაც მცირე რაოდენობით ლორწოვანი გამონადენი ახასიათებს, მძიმემდე, რომლის დროსაც აღინიშნება ჩირქოვანი გამონადენი და ფსევდომემბრანების წარმოქმნა. ამ დროს ქუთუთოები შეშუპებული, კონიუნქტივა კი გასქელებული და ერითემატოზულია. კლინიკურად ახალშობილთა ქლამიდიური კონიუნქტივიტი ძალიან ჰგავს გონოკოკურ ოფთალმიას, თუმცა ეს უკანასკნელი ბევრად უფრო იშვიათია დაბადებისას საყოველთაო საპროფილაქტიკო ღონისძიების გატარების გამო. მკურნალობის შემთხვევაშიც კი ქლამიდიური კონიუნქტივიტი შეიძლება გახანგრძლივდეს 2-3 კვირა.
ქლამიდიური პნევმონია კლინიკურად ვლინდება დაბადებიდან ორი თვის განმავლობაში. პნევმონიის მქონე ბავშვთა დაახლოებით მესამედს თანდართული აქვს ნაზოფარინგეალური ინფექცია. იშვიათად ქლამიდიური პნევმონია შეიძლება განვითარდეს კონიუნქტივიდან დაღმავალი ინფექციის გზით, თუმცა უფრო ხშირად პნევმონია იზოლირებულად გვხვდება და წარმოადგენს მშობიარობის დროს ინფიცირებული ცერვიკალური სეკრეტის ასპირაციის შედეგს. კლინიკურად აღინიშნება ხველა და ციანოზი, აუსკულტაციური მონაცემები მწირია და უმრავლეს შემთხვევებში ხიხინი საერთოდ არ ახასიათებს. რადიოგრაფიული ცვლილებები არასპეციფიკურია, აღინიშნება მხოლოდ ბილატერალური ინტერსტიციული ინფილტრატები მომატებული გამჭვირვალობის უბნებით.
4.7 ათაშანგი
კლინიკურად ათაშანგი ორსულებში ისევე მიმდინარეობს, როგორც ზოგადად მოზრდილებში.
თანდაყოლილი სიფილისის ერთ-ერთი ხშირი გამოვლინებაა დღენაკლობა და საშვილოსნოსშიდა ზრდაში ჩამორჩენა. ნაყოფის ზრდაზე ინფექციის გავლენა დიდად არის დამოკიდებული სპიროქეტის ნაყოფზე გადაცემის ვადაზე. ინფიცირებული ახალშობილი შეიძლება დაიბადოს ასევე დროული, ნორმალური წონით, კლინიკური ნიშნებით ან ყოველგვარი კლინიკური გამოვლინებების გარეშე და სიმპტომები გამოვლინდეს მხოლოდ დაბადებიდან 1-3 თვის თავზე.
თანდაყოლილი სიფილისის მქონე ახალშობილთა უმრავლესობას აღენიშნება ჰეპატოსპლენომეგალია. პაციენტთა დაახლოებით მესამედს აქვს სიყვითლე, რომელსაც საფუძვლად უდევს კონიუგირებული ჰიპერბილირუბინემია, ასოცირებული სპიროქეტით გამოწვეულ ჰეპატიტთან.
დამახასიათებელი ნიშანია ასევე ერითემატოზული მაკულოპაპულური გამონაყარი, რომელიც ვითარდება ხელისგულებზე და ფეხისგულებზე. ახალშობილებში ხელისგულებისა და ფეხისგულების დესქვამაცია თანდაყოლილი ათაშანგის ყველაზე ხშირი გამოვლინებაა კანის მხრივ. შედარებით იშვიათად ვითარდება რინიტი, რომელსაც ახლავს ლორწოვანი, ზოგჯერ კი სისხლიანი გამონადენი. თანდაყოლილი ათაშანგის კლინიკურ გამოვლინებებს შორის აღსანიშნავია ასევე სახსრების შეშუპება და მტკივნეულობა; გენერალიზებული ლიმფადენოპათია; თვალის დაზიანებები, როგორიცაა ქორიორეტინიტი, გლაუკომა, უვეიტი, ქუთუთოს შანკრი, ნაწლავთა დისფუნქცია; თირკმლის დაზიანება; მწვავე სიფილისური ლეპტომენინგიტი; პროგრესირებადი ჰიდროცეფალია; ჰემოლიზური ანემია. ერთ-ერთ ყველაზე ხშირ კლინიკურ გამოვლინებას ძვლების დეფორმაცია წარმოადგენს.
4.8 გონორეა
ახალშობილში კონიუნქტივიტის კლინიკური გამოვლინება იწყება დაბადებიდან 1-13 დღის განმავლობაში, თუმცა იგი შეიძლება უფრო მოგვიანებითაც, ჩვილობის ასაკში გამოვლინდეს. ამიტომ ახალშობილებსა და ჩვილ ბავშვებში კონიუნქტივიტის ყველა შემთხვევაში უნდა იქნას განხილული გონორეის არსებობის შესაძლებლობა, ვინაიდან არსებობს გახანგრძლივებული ინკუბაციური პერიოდის ალბათობა. ჩვეულებრივ, გონოკოკურ კონიუნქტივიტს ახასიათებს ორმხრივი მიმდინარეობა, ჩირქოვანი გამონადენი, კონიუნქტივის და ქუთუთოს ჰიპერემია და შეშუპება. შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს კონიუნქტივიტის სერიოზულ გართულებებს და მხედველობის დაკარგვას.
დისემინირებული ინფექცია საკმაოდ იშვიათია და გონოკოკცემია უპირატესად პოლიარტიკულარული სეპტიური ართრიტის სახით ვლინდება. ჩვეულებრივ, თავდაპირველად კლინიკურად იგი კიდურის მოძრაობის შეზღუდვით ვლინდება.
4.9 B სტრეპტოკოკით ინფექცია
ორსულ ქალებში GBS (Group B streptococcus) იწვევს საშარდე გზების ინფექციას, ამნიონიტს, ენდომეტრიტს, ან ჭრილობის ინფექციას. GBS შეიძლება გამოიწვიოს მკვდრადშობადობა ან ნაადრევი მშობიარობა. ძალიან ხშირია უსიმპტომო ბაქტერიამტარებლობა. სხვადასხვა კვლევებით ორსულთა 5-30% GBS მტარებელია.
ახალშობილთა GBS დაავადების 25% დღენაკლებზე მოდის. ახალშობილთა GBS დაავადება საკმაოდ მაღალი სიკვდილობით ხასიათდება: 5-დან 20%-მდე. (სიკვდილობის მაღალი მაჩვენებელია ასევე მოზრდილთა GBS დაავადების დროსაც – 15-32%).
უკანასკნელ წლებში 10 მილიონ ადამიანზე ზედამხედველობის სისტემის მიერ ჩატარებულმა ანალიზმა გამოავლინა, რომ ადრეული დასაწყისის მქონე GBS დავადების 6% ლეტალობით მთავრდება. ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაბალია 70-იანი წლების კვლევების შედეგებთან შედარებით, როდესაც სიკვდილობის მაჩვენებელი ბავშვებში 15-30% აღწევდა. ეს ტენდენცია აიხსნება სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების მნიშვნელოვანი გაუმჯობესებით.
ახალშობილთა GBS დაავადებას შეიძლება ახასიათებდეს ადრეული დასაწყისი (სიცოცხლის მე-7 დღემდე), ან გვიანი (მე-7 დღეს და შემდეგ). დაავადება მიმდინარეობს პნევმონიის, მენინგიტის ან ბაქტერიემიის სახით. შეიძლება განვითარდეს ასევე ცელულიტი ან ოსტეომიელიტი.
4.10 ტოქსოპლაზმოზი
ორსულებში ტოქსოპლაზმით პირველად ინფექციას უმრავლეს შემთხვევებში უსიმპტომო მიმდინარეობა ახასიათებს. ზოგჯერ კლინიკური სიმპტომატიკა იმდენად სუსტად არის გამოხატული, რომ შეუმჩნეველი რჩება. იმ ქალებში, რომელთაც აღენიშნებათ დაავადების კლინიკური გამოვლინებები, ძირითადად გამოხატულია ლიმფადენოპათია და საერთო სისუსტე ტემპერატურის მომატების გარეშე. ადენოპათია შეიძლება იყოს ლოკალიზებული (ყველაზე ხშირად გადიდებულია კისრის უკანა ერთი ლიმფური კვანძი) და მრავლობითი (ზოგჯერ შეიძლება გადიდებული
იყოს რეტროპერიტონეალური და მეზენტერიული ლიმფური კვანძებიც). პალპაციით ლიმფური კვანძები შეიძლება სხვადასხვა კონსისტენციის და მგძნობელობის იყოს. ზოგიერთ შემთხვევაში ტოქსოპლაზმით პირველადი ინფექცია მიმდინარეობს ე.წ. მონონუკლეოზისმაგვარი სინდრომით და აღინიშნება ლიმფადენოპათია ცხელებით, საერთო სისუსტით, თავის ტკივილით, ყელის და კუნთების ტკივილით, ზოგჯერ ჰეპატოსპლენომეგალიით. ლიმფადენოპათია შეიძლება ერთ წლამდეც გახანგრძლივდეს.
თანდაყოლილი ტოქსოპლაზმოზი შეიძლება მიმდინარეობდეს შემდეგი ფორმით: 1) ნეონატალური დაავადება, 2) დაავადება, რომელიც ვლინდება სიცოცხლის პირველ თვეებში, 3) თავდაპირველად არადიაგნოსტირებული ინფექციის შორეული შედეგები ან გამწვავება ბავშვობის ან მოზარდობის პერიოდში, 4) სუბკლინიკური ინფექცია.
კლასიკურად თანდაყოლილი ტოქსოპლაზმოზისათვის დამახასიათებელია ტეტრადა:
• მიკროცეფალია ან წყალმანკი
• ქორიორეტინიტი
• კრუნჩხვები ან ცნს-ის დაზიანების სხვა ნიშნები
• თავის ტვინის კალციფიკატები
ახალშობილი შეიძლება დაიბადოს არა ნერვული სისტემის უპირატესი დაზიანების ნიშნებით, არამედ გენერალიზებული ინფექციის სიმპტომებით, რომელთაგან აღსანიშნავია hydrops fetalis, თრომბოციტოპენიური პურპურა, სიყვითლე (რომელიც ზოგჯერ მოგვიანებით ვლინდება), ჰეპატოსპლენომეგალია, ლიმფადენოპათია, პნევმონია, ღებინება, დიარეა, ცხელება ან ჰიპოთერმია და სხვ. ზოგიერთ ახალშობილს აღენიშნება მიკროფთალმია, კატარაქტა.
როგორც აღვნიშნეთ, ტოქსოპლაზმოზით დაბადებული ახალშობილი დაბადებისას შეიძლება სრულიად ჯანმრთელად გამოიყურებოდეს, მაგრამ კვირების ან თვეების შემდეგ განვითარდეს ნისტაგმი, სტრაბიზმი ან სიბრმავე. არსებობს სიყვითლის, ჰეპატოსპლენომეგალიის და ლიმფადენოპათიის მოგვიანებით გამოვლენის რისკიც. ზოგჯერ ქორიორეტინიტის გამოვლენა ბავშვში სასკოლო ასაკამდეც კი შეიძლება დაყოვნდეს.
იზოლირებული ოკულარული ტოქსოპლაზმოზი, ყველაზე ხშირად, სწორედ თანდაყოლილი ინფექციის შედეგია. შეძენილი ტოქსოპლაზმოზისას იზოლირებულად თვალის დაზიანება ნაკლებად გვხვდება.
4.11 B ჰეპატიტის ვირუსით ინფექცია
ზოგადად, B ჰეპატიტის ვირუსის შეძენისას ასაკი უკუპროპორციულ კავშირშია ქრონიკული ინფექციის განვითარების რისკთან. რაც უფრო ადრეულ ასაკში ხდება ინფიცირება, მით უფრო მაღალია ქრონიკული ინფექციის განვითარების რისკი. პერინატალურად შეძენილი B ჰეპატიტის დროს ქრონიკული B ჰეპატიტის განვითარების რისკი 90%-ს აღემატება, სკოლამდელ ასაკში ბავშვის ინფიცირებისას რისკი საშუალოდ 23%-ს უდრის, ხოლო მოზრდილებში – საშუალოდ 5%.
აღწერილია ფატალური ჰეპატიტის შემთხვევები ჩვილ ბავშვებში, რომლებიც დაიბადნენ უსიმპტომო HBsAg მტარებელი დედისგან.
რეტროსპექტული გამოკვლევებით გამოვლინდა, რომ მძიმე ან ფატალური ჰეპატიტის განვითარების ალბათობა მეტი აქვს ქრონიკული ჰეპატიტის მქონე ორსულის ბავშვს, ვიდრე ორსულობისას განვითარებული მწვავე B ჰეპატიტის შემთხვევაში. მწვავე B ჰეპატიტის მქონე ორსულთა ახალშობილებში მაღალია დღენაკლობის სიხშირე.
HBsAg მქონე ახალშობილების უმრავლესობა ანიქტერულია და მწვავე ჰეპატიტის კლინიკური სიმპტომატიკა არ გააჩნია. ახალშობილთა HBV ინფექცია ასრულებს დომინანტურ როლს მოზრდილობის ასაკში პირველადი ჰეპატოცელულარული კარცინომის განვითარებაში. ვერტიკალური გზით შეძენილი B ჰეპატიტის ვირუსი, რომელიც იწვევს ქრონიკულ ანტიგენემიას, ზოგიერთ შემთხვევაში შედეგად იძლევა ციროზს და ჰეპატოცელულარულ კარცინომას ზრდასრულ ასაკში. მაგალითად, სენეგალში ჰეპატოცელულარული კარცინომა არის ახალგაზრდა მამაკაცების სიკვდილობის წამყვანი მიზეზი და ეს სწორედ დაკავშირებულია ვერტიკალური გზით შეძენილ HBV ინფექციასთან. საერთოდ, იმ ქვეყნებში, სადაც მაღალია დედიდან ბავშვზე B ჰეპატიტის გადაცემის სიხშირე (განსაკუთრებით კი სადაც მაღალია HBeAg დადებითობის სიხშირე), მაღალია ჰეპატოცელულარული კარცინომის გავრცელება.
4.12 C ჰეპატიტის ვირუსით ინფექცია
C ჰეპატიტის ვირუსით მწვავე ინფექცია ორსულებში, ისევე როგორც სხვა პოპულაციურ ჯგუფებში, უმრავლეს შემთხვევაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს. სიყვითლე ვლინდება შემთხვევათა არაუმეტეს 20%-სა. უპირატესად უსიმპტომო მიმდინარეობით ხასიათდება ასევე ქრონიკული C ჰეპატიტი.
დედიდან ბავშვზე C ჰეპატიტის ვირუსის გადაცემას შეიძლება ჰქონდეს ორი გამოსავალი: 1. ინფექციის ადრეული, სპონტანური ელიმინაცია. ზოგიერთი კვლევებით თანდაყოლილი C ჰეპატიტის მქონე ბავშვების ერთ ნაწილში C ჰეპატიტის ვირუსის რნმ ქრება 2 წლის ასაკისათვის. 2. ღვიძლის ქრონიკული დაავადებისაკენ პროგრესირება.
ახასიათებს თუ არა თანდაყოლილ C ჰეპატიტს გაჯანსაღების მეტი ალბათობა, ვიდრე მოზრდილთა ინფექციას, ამჟამად ცნობილი არ არის და შემდგომ გამოკვლევებს მოითხოვს.
თანდაყოლილ C ჰეპატიტს, ჩვეულებრივ, ასიმპტომური მიმდინარეობა ახასიათებს და ალტ დონე ნორმაში ან ოდნავ მომატებულია. ეს არის იმის მიზეზი, რომ პედიატრიულ პრაქტიკაში ქრონიკული C ჰეპატიტი ხშირად შეუმჩნეველი და არადიაგნოსტირებული რჩება. თანდაყოლილი C ჰეპატიტის მქონე პირებში ბავშვობის ასაკში ღვიძლის შორსწასული, დეკომპენსირებული დაავადება შედარებით იშვიათია. თუმცა ასეთ ბავშვებში ვირუსი პერსისტირებს წლების მანძილზე და ხშირ შემთხვევებში მნიშვნელოვან ავადობასა და სიკვდილობას განაპირობებს მოზრდილობის ასაკში.

 

გაგრძელება შემდეგ ნომერში

ნანახია: 5908 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 468

ამჟამად საიტზეა: 6

თქვენ ხართ სტუმარი No: 657514


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2014 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე აკრძალულია