საქართველოს ჯანდაცვა

ჯანდაცვა და სოციოლოგია

სიახლეები

გაიდლაინი

NOTA BENE

თარგმანი

CASE REPORT

კლინიკური რეკომენდაციები

კვლევა

პრეს–რელიზი

ჩვენი თანამედროვე

რეპროდუქციული ჯანმრთელობა

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



გულისნაცვალი [5.00]

კლიმატის ცვლილებები [5.00]

ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბო: დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და შემდგომი დაკვირვების კლინიკური რეკომენდაციები [5.00]

ბალანსი ოჯახსა და კარიერას შორის საქართველოში სამედიცინო სფეროს წარმომადგენელ მეცნიერ ქალებში [5.00]

ერთიანი ევროპული სივრცისაკენ საქართველოში უწყვეტი პროფესიული განვითარება/განათლების პერსპექტივები [5.00]


ჰერპეს ზოსტერი [38432]

სარკოიდოზისა და სარძევე ჯირკვლის კიბოს ერთდროულად არსებობა [20958]

კლიმატის ცვლილებები [11743]

პერინატალური ინფექციები [10627]

ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბო: დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და შემდგომი დაკვირვების კლინიკური რეკომენდაციები [9744]


თემების რაოდენობა: 23
კომენტარები: 5

კლიმატის ცვლილებები

ავტორი: ნ. გაფრინდაშვილი, სამედიცინო სამეცნიერო–პრაქტიკული ჟურნალი „თანამედროვე მედიცინა“
N. Gaphrindashvili, Medical Scientific-Practical Journal „Tanamedrove Meditsina“
Climate changes

>>  Climate change is a change in the statistical distribution of weather over periods of time that range from decades to millions of years. The Earth's climate has changed throughout history. From glacial periods (or "ice ages") where ice covered significant portions of the Earth to interglacial periods where ice retreated to the poles or melted entirely - the climate has continuously changed.
Factors that can shape climate are climate forcings. These include such processes as variations in solar radiation, deviations in the Earth's orbit, mountain-building and continental drift, and changes in greenhouse gas concentrations. Levels of carbon dioxide, methane and nitrous oxide gases are rising, mainly as a result of human activities. Carbon dioxide is being dumped in the atmosphere at an alarming rate. Since the Industrial Revolution, humans have been pumping out huge quantities of carbon dioxide, raising carbon dioxide concentrations by 30% and average global temperature appears to have risen between 1° and 2°C.
Obviously, climate has a big influence on plants and animals in the natural environment, on oceans, and on human activities, such as agriculture, water supplies, and heating and cooling. The effects of climate change depend upon how much change there is, how fast it occurs, and how easily the world can adapt to the new conditions.


კაცობრიობის ისტორიაში დაფიქსირებული კლიმატის გლობალური ცვლილების ყველა პერიოდისაგან განსხვავებით თანამედროვე ცვლილება გამოწვეულია ადამიანის საწარმოო საქმიანობით და დაკავშირებულია ინტენსიურ ინდუსტრიალიზაციასთან.
კლიმატის ცვლილების ამჟამინდელი ფენომენი ცნობილი გახდა XX საუკუნის 70-იანი წლებიდან, როცა აღინიშნა მსოფლიო საშუალო წლიური ტემპერატურის მკვეთრი ზრდის ტენდენცია და გახშირებული კლიმატური კატასტროფები. დღეისათვის, უკვე მეცნიერულად დადასტურებულია, რომ კლიმატის ცვლილება პლანეტის მასშტაბით ნამდვილად ხდება.

მიზეზები:
ფაქტორებს, რომლებიც კლიმატის ფორმირებაში იღებენ მონაწილეობას, კლიმატის განმსაზღვრელი კომპონენტები ეწოდება და მოიცავს ისეთ პროცესებს, როგორებიცაა მზის რადიაცია, დედამიწის ორბიტის გადახრა, დრეიფი და დინებები, „სათბურის აირების“ კონცენტრაციის ზრდა ატმოსფეროში, ატმოსფეროს გამჭვირვალობის ცვლა და სხვ. ასეთი ფაქტორები ამცირებენ ან აძლიერებენ კლიმატის ზეგავლენას გარემოზე. კლიმატის შემადგენელი ზოგიერთი კომპონენტი, როგორიცაა ოკეანეები და ყინულის საფარი, ნელა პასუხობს ასეთ ცვლილებებს მათი ზომებიდან და მასიდან გამომდინარე და შესაბამისად საუკუნეები გადის მანამ, სანამ კლიმატის თუნდაც ერთი ფაქტორის შეცვლის შედეგად მივიღებთ საპასუხო რეაქციას.
კლიმატის ცვლილება განპირობებულია „სათბურის აირების“ მაღალი და მუდმივად მზარდი კონცენტრაციით, რომელიც გამოიყოფა ადამიანის საწარმოო საქმიანობის დროს და დედამიწის გარშემო ქმნის „ღრუბელს“, რითაც ახდენს „სათბურის ეფექტს“ . ეს ეფექტი, თავის მხრივ, იწვევს კლიმატის ცვლილებას და გამოიხატება საშუალო ტემპერატურის აწევით, ნალექების გახშირებით, რაც მრავალი, უკიდურესად უარყოფითი ფორმით აისახება ექსტრემალური მოვლენების სიხშირეზე.

კლიმატის ცვლილების მავნე შედეგები მოიცავს მყინვარების დნობას მთებზე და ყინულის ფენების განლევას ოკეანეებში, ე.წ. „სიცხის ტალღებს“, გვალვებს და ძლიერ წვიმებს, ოკეანის დონის აწევას, დატბორვების, წყალდიდობების, ღვარცოფების, მეწყერებისა და ზვავების გახშირებას, ცუნამების, სხვადასხვა ქარიშხლების გაძლიერებასა და გახშირებას. კლიმატის შეცვლის შედეგად იცვლება ბუნება, ეკოსისტემები, რომელთაგან მრავალი ვერ ასწრებს ადაპტაციას და გადაგვარდება; იზრდება ადამიანთა დაავადების რისკი, მათ შორის ეპიდემიების გავრცელების სიხშირე. „სათბურის ეფექტით“ გამოწვეული მავნე შედეგები სულ უფრო მრავალფეროვნი და ინტენსიური ხდება, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს და გადაუდებელს ხდის პრობლემის მოგვარების აუცილებლობას.
„სათბურის ეფექტი“
ორას წელზე მეტია, საწვავი ნივთიერებების, ნახშირისა და ნავთობის გამოყენებამ, ასევე ტყეების გაჩეხვამ გამოიწვია „სათბურის აირების“ კონცენტრაციის ზრდა ატმოსფეროში.
„სათბურის აირებს“ მიეკუთვნება: ნახშირორჟანგი (CO2), მეთანი (CH4), აზოტის ქვეჟანგი (N2O), HFCs, PFCs, SF6. აღნიშნული აირები შთანთქავენ დედამიწიდან ატმოსფეროში გაშვებულ ინფრაწითელ გამოსხივებას და აბრუნებენ მას დედამიწაზე. ეს პროცესი არის ე.წ. „სათბურის ეფექტის“ საფუძველი და იწვევს ტემერატურის მატებას დედამიწაზე. ტემპერატურის მატებას ყველაზე მეტად ხელს უწყობს ნახშირორჟანგი – 63%, შემდეგ მეთანი - 24%, აზოტის ორჟანგი – 10%, სხვა აირები – 3 %. მაგრამ ასეთი პროცენტული შეფარდების მიუხედავად, ამ აირებს სხვადასხვა სითბური ეფექტი აქვს. კოეფიციენტს, რომელიც ამა თუ იმ გაზის „სათბურის ეფექტის“ სიძლიერეს ასახავს, გლობალური დათბობის პოტენციალი (GWP) ეწოდება. ნახშირორჟანგის გდპ 1-ის ტოლად არის მიღებული, მეთანისა მასთან შედარებით 23-ჯერ დიდია, აზოტის ქვეჟანგისა – 310, დანარჩენი სამი აირის – კიდევ უფრო მეტი.
„სათბურის აირები“ რომ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ თითოეული ადამიანის ცხოვრებაში, ამაზე არავინ დაობს, რადგანაც მათი წყალობით დედამიწის ზედაპირი უფრო თბილია; მათ გარეშე დედამიწის ზედაპირის მაქსიმალური ტემპერატურა ბევრად დაბალი იქნებოდა, დაახლოებით 33°C, მაგრამ, რაც უფრო იზრდება მათი რაოდენობა, ტემპერატურული მაჩვენებელიც უფრო და უფრო იმატებს. ნასა-ს მონაცემებით, ბოლო 100 წლის განმავლობაში დედამიწის მაქსიმალური ტემპერატურა გაიზარდა 0.6-0.8°C-ით. 1850 წლის მერე დაფიქსირებული ყველაზე ცხელი რვა წელიწადიდან, ყველა მათგანი დაფიქსირდა 1998 წლის შემდეგ, მათ შორის ყველაზე მაღალი ტემპერატურით გამოირჩეოდა 2005 წელი. უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში დაფიქსირებული მაღალი ტემპერატურის მიზეზი თავად ადამიანის საქმიანობებია. იცვლება არა მარტო ტემპერატურა, არამედ წვიმების სიხშირე, თოვლისა და ყინულის საფარი, ზღვის დონე.
იმ შემთხვევაში, თუ გაგრძელდება „სათბურის აირების“ მატება, უახლოეს წლებში დედამიწაზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა მოიმატებს კიდევ 2-3°C-ით. მეცნიერები დარწმუნებული არიან, რომ ადამიანის უხეში ჩარევა ცვლის ატმოსფეროს შემადგენლობას, იცვლება „სათბურის აირებიც“ და მასთან ერთად ატმოსფეროც, მაგრამ ზუსტად ვერავინ გათვლის, რა არის მოსალოდნელი.
მთავარი დანაშაული ნახშირორჟანგს მიუძღვის, რომელიც ბუნებრივი საწვავების: ნახშირის, ნავთობისა და ბუნებრივი აირის წვისას გამოიყოფა, საკმაოდ დიდი რაოდენობით. XVIII საუკუნის მიწურულსა და XIX საუკუნის დასაწყისში, როდესაც ადამიანმა აქტიურად დაიწყო დიდი რაოდენობით ნახშირისა და ნავთობის მოხმარება, ატმოსფეროში ნახშირორჟანგის რაოდენობა გაიზარდა 30%-ით, ხოლო საშუალო გლობალურმა ტემპერატურამ აიწია 0.6-1.2°C-ით.
ტყეების გაჩეხვა ხდება მისი მასობრივად მოხმარების გამო და შესაბამისად ხის წვის შედეგად, რომელიც დიდი რაოდენობით ნახშირბადს შეიცავს, გამოიყოფა ნახშირორჟანგი. ხეების ჭაობებში ლპობის შედეგად კი მეთანი გამომუშავდება. ეს ორი ნაერთი კი „სათბურის აირების“ მთავარი შემადგენელი კომპონენტია.
სასოფლო-სამეურნეო მრეწველობა, რქოსანი პირუტყვის, საწვავის მაღაროების და საძოვრების მოხმარება დაახლოებით 30%-ით ზრდის მეთანის გამოყოფას ატმოსფეროში, ფერტილიზაცია და სხვა ქიმიური დანამატების გამოყენება ზრდის აზოტის ოქსიდის გამოყოფას გარემოში, რომელიც 10%-ით უფრო მეტად მოქმედებს კლიმატის დათბობაზე.
მართალია, გარკვეულ ზეგავლენას ახენს, მაგრამ შედარებით ნაკლები და უმნიშვნელოა კლიმატის ცვლილებებზე ბირთვული იარაღის, აეროზოლების, კოსმოსური პროგრამებისა და ტოქსიური ნარჩენების როლი.
ადამიანის გავლენა კლიმატის ცვლილებებზე
ანთროპოგენული ფაქტორები მოიცავს ადამიანის საქმიანობას, რომელიც თავისი მოქმედებით ცვლის გარემოს. ხშირ შემთხვევეაში ადამიანების გავლენა პირდაპირი და არაორაზროვანია, ზოგჯერ კი ირიბი.
მრავალი წელი დაობდნენ ადამიანის ჩარევით გამოწვეულ კლიმატურ ცვლილებებზე. იყო უამრავი ჰიპოთეზა. უკანასკნელ წლებში კი მეცნიერთა ვარაუდი შეჩერდა ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორზე, რომ ადამიანი ყველაზე მეტად თავისი საქმიანობით ახდენს გავლენას გლობალური საშუალო ტემპერატურის სწრაფ ზრდაზე. პრევენციული და აღმომფხვრელი ღონისძიებებიც სწორედ იქითკენაა მიმართული, რომ მოხდეს უკვე არსებულ ცვლილებებთან შეგუება და პროცესის შენელება.
ყველაზე მნიშვნელოვანი საზრუნავი ანთროპოგენულ ფაქტორებს შორის არის გაზრდილი ნახშირორჟანგის რაოდენობა ატმოსფეროში ბუნებრივი საწვავის, ოზონის ხვრელის, აგროკულტურის, ტყეების გაჩეხვის ხარჯზე. თითოეული მათგანი ცალ-ცალკე და ერთობლივად მონაწილეობს მიკროკლიმატის და შემდგომში გლობალური კლიმატის ჩამოყალიბებაში და, ცხადია, თითოეული მათგანის ცვლილება ადრე თუ გვიან გავლენას ახდენს კლიმატზე.

კლიმატის ცვლილებების გავლენა ადამიანზე და ჯანმრთელობაზე
კლიმატის ცვლილება, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, მკვეთრად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი შეეგუოს კლიმატის კომპონენტების ცვლილებას, თუმცა ადაპტაციის პროცესი არც ისე მარტივია და ხშირად საკმაოდ სერიოზული ძვრების ფონზე მიმდინარეობს. იმატა სიღარიბის დონემ, ხშირია კონფლიქტები, ეკონომიკური კრიზისული პერიოდები, მნიშვნელოვნად გაიზარდა სხვადასხვა დაავადების რისკი, კერძოდ, გულ-სისხლძარღვთა, ონკოლოგიური და ვირუსული პათოლოგიები.
2009 წლის ნოემბრის ნომერში ჟურნალი „ლანცეტი“ წერდა, თუ არ მივიღებთ სასწრაფო ზომებს, მაშინ ისეთი პრობლემები, როგორიცაა მალნუტრიცია, სიკვდილიანობისა და დაზიანებათა მკვეთრი ზრდა კლიმატის ცუდი პირობების გამო, საყოველთაო გახდება, გაიზრდება დაავადებათა გავრცელების გეოგრაფიული არეალი. ვარაუდობენ, რომ ტემპერატურის მატებასთან ერთად მნიშვნელოვნად გაიზრდება ისეთი დაავადებების რიცხვი, როგორიცაა: მალარია, ნილოსის დასავლური ვირუსი, ლაიმას დაავადება. ცნობილია, რომ 1980 წლის შემდეგ ამერიკის კონტინენტზე ასთმით დაავადებულთა რაოდენობა გაიზარდა ოთხჯერ და ამასთანავე, ეს ზრდა თანაბრად შეეხო როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებად ქვეყნებს. აღნიშნული ფაქტი განაპირობა ახალმა საავტომობილო საშუალებებმა, რომლებიც გამოყოფენ გაზრდილი რაოდენობის ნახშირორჟანგს, საწარმოო დანადგარების გამონაბოლქვის ღრუბლებმა. ხდება მცენარეების, ნიადაგისა და წყლის უფრო მეტად დაბინძურება, მტვრის ეს უმცირესი ნაწილაკები მოქმედებენ როგორც ალერგენები.

მაინც რას გულისხმობს დედამიწაზე გლობალური დათბობა?
გლობალური დათბობა არის დედამიწის ატმოსფეროს მიწისპირა ფენისა და მსოფლიო ოკეანეების საშუალო წლიური ტემპერატურის სწრაფი ზრდის პროცესი.
როგორც აღვნიშნეთ, ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურა დედამიწის ზედაპირზე ბოლო საუკუნის განმავლობაში 0.74 ± 0.18°C-ით გაიზარდა. კლიმატის ცვლილებების სამთავრობოთაშორისო ჯგუფის დასკვნით დედამიწის ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურის ზრდა XX საუკუნის შუა წლებიდან სავარაუდოდ სწორედ ანთროპოგენული ფაქტორებითა, სათბურის აირების კონცენტრაციის ზრდით, არის განპირობებული, რის შედეგადაც ძლიერდება ატმოსფეროს „სათბურის ეფექტი“, და შედეგად დედამიწის ქერქისა და ატმოსფეოს ყველაზე ქვედა ფენების გახურებას იწვევს. XXI საუკუნეში მოსალოდნელია დედამიწის ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურის შემდგომი მატება – 1.1-6.4°C-ით. „სათბურის აირების“ კონცენტრაციის მატების შეჩერების შემთხვევაშიც კი ეს დათბობა კიდევ ათას წელს გაგრძელდება. მხოლოდ ამის შემდეგ არის მოსალოდნელი დარღვეული წონასწორობის ხელახალი აღდგენა და საშუალო ტემპერატურის სტაბილიზება.
ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურის მატება გამოიწვევს ზღვის დონის აწევას, გაიზრდება კატასტროფული კლიმატური მოვლენების სიხშირე და სიმძლავრე, შეიცვლება ნალექების რაოდენობა და განაწილება. შეიცვლება, აგრეთვე, სოფლის მეურნეობის მოსავლიანობა, შემცირდება მყინვარები, გადაშენდება ცოცხალი ორგანიზმების ზოგიერთი სახეობა, გაიზრდება დაავადებათა რიცხვი.
ჯერჯერობით უცნობია, დედამიწის რომელი რეგიონი უფრო მეტად დაზარალდება ამ ცვლილებების შედეგად. სახელმწიფოთა უმრავლესობამ ხელი მოაწერა კიოტოს ოქმს, რომელიც ატმოსფეროში სათბურის აირების გაფრქვევათა შემცირებას ისახავს მიზნად. თუმცა არ წყდება დებატები იმის შესახებ, თუ რა უფრო რაციონალურია – გლობალური დათბობის შეჩერების ან შემოტრიალების მცდელობა თუ ადაპტაცია არსებულ და მოსალოდნელ ცვლილებებთან.

კლიმატის ცვლილებების სამთავრობოთაშორისო ჯგუფი
კლიმატის ცვლილებების სამთავრობოთაშორისო ჯგუფი (The Intergovernmental Panel on Climate Change; IPCC) დაარსდა 1988 წელს გაერთიანებული ერების ორი ორგანიზაციის – მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციისა და გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის – მიერ ადამიანთა ზეგავლენით მომხდარი კლიმატის ცვლილებების რისკის შესასწავლად. 2002 წლიდან ჯგუფს ხელმძღვანელობს რაჯენდრა პაჩაური.
აღნიშნული ორგანიზაცია არ ატარებს კვლევებს და არც მონიტორინგს ახორციელებს კლიმატსა თუ მასთან დაკავშირებულ რომელიმე ფენომენზე. ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი საქმიანობაა კლიმატის ცვლილებაზე ჩარჩო კონვენციის შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე გაეროს სპეციალური ანგარიშების გამოქვეყნება. ორგანიზაცია საკუთარ შეფასებებში ძირითადად ეყრდნობა სამეცნიერო ლიტერატურაში ექსპერტთა მიერ გადამოწმებულ და გამოქვეყნებულ მონაცემებს.
მას შემდეგ, რაც IPCC-მა შეისწავლა პრობლემა და განაცხადა გლობალური ტემპერატურის მატების შესახებ სათბური აირების ემიტირების ანუ ატმოსფეროში გაფრქვევის გამო, დაიწყო საერთაშორისო ღონისძიებების გატარება კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ. 1992 წელს რიო დე-ჟანეიროში ხელი მოეწერა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენციას (UNFCCC), რომელშიც აისახა გლობალური კლიმატის ცვლილების პრობლემა და მასთან ბრძოლის პრინციპები.
კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენცია, ანუ რიოს კონვენცია, როგორც მას ხშირად მოიხსენიებენ და რომელსაც 189 ქვეყანა, მათ შორის, საქართველოც შეუერთდა, აყალიბებს საერთაშორისო ქმედებების მთავარ პრინციპებს, რომ ქვეყნები წინ უნდა აღუდგნენ კლიმატის ცვლილების პრობლემას მათი ვალდებულებების და შესაძლებლობების შესაბამისად და განვითარებულმა ქვეყნებმა უნდა შეასრულონ მთავარი როლი ამ პრობლემის გადაწყვეტაში. ხელმომწერი მხარე-ქვეყნების განვითარების დონეებს შორის განსხვავების შესაბამისად კონვენცია ანიჭებს განსხვავეულ ვალდებულებებს განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს. კონვენციის I დანართში შესულ, განვითარებული ეკონომიკის მქონე მხარე-ქვეყნებს ენიჭებათ წამყვანი როლი კონვენციის მიზნების შესრულებაში და აქვთ ვალდებულება – 1990 წლის დონემდე შეამცირონ სათბური აირების ემისია, ხოლო II დანართში შესულთ – დამატებით, ამ საქმიანობის ფინანსური უზრუნველყოფა. საქართველო წამოადგენს I დანართში არშესულ ქვეყანას და მის ვალდებულებას რიოს კონვენციისადმი წარმოადგენს ქვეყანაში ემიტირებული სათბურის აირების პერიოდული აღრიცხვა და ღონისძიებების გატარება მათი შემცირებისა და შედეგებისადმი ადაპტირებისათვის, მას ევალება პერიოდული მოხსენებების წარდგენა კონვენციისათვის. სათბურის აირების შემცირების უზრუნველსაყოფად კლიმატის ცვლილებების კონვენციას შექმნილი აქვს განსაკუთრებული მექანიზმები, რომლებიც ასახულია ე.წ. კიოტოს პროტოკოლში და არეგულირებს სათბურის გაზების ემისიის შემცირებასთან დაკავშირებულ ეკონომიკურ ასპექტებს. კიოტოს მოქნილი მექანიზმებიდან საქართველოში დაშვებულია სუფთა განვითარების მექანიზმი (სგმ), რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა „სათბურის აირების“ ემისიის შემცირების შესაძლო სფეროების გამოვლენის, პროექტების მომზადების და რეალიზაციის თვალსაზრისით. სათბურის აირების ემისიის შემცირების პერსპექტიული სფეროებია: ენერგეტიკა, ტრანსპორტი, სამრეწველო პროცესები (აზოტის წარმოება, ცემენტის წარმოება, მეტალურგიული წარმოებები), სოფლის მეურნეობა, ნარჩენების გადამუშავება.
კლიმატის გლობალური ცვლილების პრობლემას კოორდინაციასა და ხელმძღვანელობას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, კერძოდ, კლიმატის ცვლილების დეპარტამენტი.
კლიმატის ცვლილებების სამთავრობოთაშორისო ჯგუფი 2007 წელს დაჯილდოვდა ნობელის მშვიდობის პრემიით ალბერტ გორთან ერთად, რომელმაც 2006 წელს გადაიღო ფილმი სახელწოდებით: „უხერხული სიმართლე“ (ინგლ. „Inconvenient Truth“). ფილმში აღწერილია ის შედეგები, რომლებიც შესაძლოა მომავალში მოჰყვეს კლიმატის ცვლილებებსა და გლობალური დათბობის პროცესებს. ფილმმა ზოგადად დადებითი გამოხმაურება ჰპოვა, თუმცა გლობალური დათბობის კრიტიკოსთა მტკიცებით ის „მეტად გაზვიადებული და მცდარია“.

მსოფლიო კლიმატის ცვლილებების წინაღმდეგ
გაერო-ს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში, რომელიც კლიმატის ცვლილებებს ეხებოდა, კოპენჰაგენში, დანიაში, 2009 წლის 6-18 დეკემბერს გაიმართა. კონგრესში სახელმწიფოთა ოფიციალური წარმომადგენლები და ეკოლოგიური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრები მონაწილეობდნენ, სულ, დაახლოებით, 15 ათასი ადამიანი.
გეგმის მიხედვით, დანიის სტუმრებს გარემოში გამონაბოლქვის გამოყოფის შემცირების შესახებ ახალი შეთანხმება უნდა შეემუშავებინათ, რომელიც კიოტოს პროტოკოლს ჩაანაცვლებდა.
კიოტოს პროტოკოლის ვადა 2012 წელს იწურება. კიოტოს ოქმი წარმოადგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო–კონვენციის (UNFCCC) ფარგლებში დადებულ დამატებით საერთაშორისო შეთანხმებას. მისი მიზანია თავიდან აიცილოს კლიმატური ცვლილებები და გლობალური დათბობა. კონვენციისგან განსხვავებით, კიოტოს ოქმი ქვეყნებისთვის სათბურის აირების ატმოსფეროში გაფრქვევის კონკრეტულ, თითოეული ქვეყნისთვის განსხვავებულ, ლიმიტებს ადგენს. ქვეყნებს ეძლევა უფლება გაფრქვევათა შემცირების ნაწილი სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე შეასრულოს. იმისთვის, რომ გაგრძელდეს პროცესი, საჭიროა კლიმატურ საკითხებთან დაკავშირებული ახალი საერთაშორისო შეთანხმების მიღება. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა კოპენჰაგენის კონფერენცია. გაერო-ს უწყებათაშორისი კომისიის თანახმად, თუ სამიტის მონაწილეები ახალი ხელშეკრულების გაფორმებას ვერ შეძლებდნენ, დედამიწას უახლოეს პერიოდში კატასტროფა ელის.
კოპენჰაგენის სამიტს წინ სკანდალი უძღოდა, რომელსაც „კლიმატური უოტერგეიტი“ უწოდეს. ჰაკერებმა აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტის საიტი გატეხეს და გამოაქვეყნეს ათასობით წერილი, რომლებშიც ნათქვამია, რომ გლობალური დათბობა მხოლოდ მითია. თუმცა, მეცნიერთა დიდი ნაწილი ამ ინფორმაციას ოფიციალურად უარყოფს და არგუმენტად იმ ფაქტს იშველიებს, რომ 2009 წელი ბოლო 160 წლის განმავლობაში ყველაზე ცხელი მეხუთე წელია.
კოპენჰაგენის სამიტი კი, რომელიც კლიმატზე ხელოვნული გზებით მიყენებული ზიანის შემცირებას ეძღვნებოდა, გარემოს დაბინძურების მიზეზი თავად გახდა.
დასავლური პრესა აქვეყნებს პარადოქსულ მონაცემებს, რომელთა მიხედვითაც, გაერთიანებული ერების კონფერენცია ბუნებაში 40 500 ტონა ნახშირორჟანგის გამოყოფის მიზეზი გახდა.
ყველაზე მოკრძალებული გამოთვლების მიხედვით, სამიტისთვის 8 მილიონი ფურცელი დაიბეჭდა, გასტრონომიულ მოთხოვნებს 15 ტონა კარტოფილი მოხმარდა, გადაიჭიმა 1200 კილომეტრის სიგრძის ელექტროსადენები და დაფიქსირდა ერთდროულად განხორციელებული 80 ათასი სატელეფონო ზარი. და ეს მაშინ, როდესაც კოპენჰაგენი მზად არის, დადებითი მაგალითი პირველმა თავად აჩვენოს: 2025 წლისთვის ქალაქი გამონაბოლქვისგან სრულად გათავისუფლებას გეგმავს. უკვე დღეს თითქმის ყოველი მეათე მცხოვრები სამსახურში ველოსიპედით მიდის. კომბინირებული ელექტროსადგურები, რომლებიც ბიომასებსა და ნარჩენებზე მუშაობს, სახლებს ეკო-ენერგიით ამარაგებს.
დღეს კოპენჰაგენი ავტომობილებით არის გადატვირთული, თუმცა არსებული ინფორმაციით, სამიტის მონაწილეები გარემოსთვის ბევრად უფრო უსაფრთხო ელექტრომობილებით გადაადგილდებიან.
თუმცა, ზოგიერთი განვითარებადი ქვეყანა და ეკოლოგიური ორგანიზაცია სამიტის შედეგებით უკმაყოფილო იყო, რადგან შეთანხმებაში აღიარებულია ის, რომ ტემპერატურის მატება 2 გრადუს ცელსიუსამდე უნდა შეიზღუდოს და მომავალი სამი წლის განმავლობაში განვითარებად ქვეყნებს კლიმატის ცვლილებების შედეგებთან საბრძოლველად 30 მილიარდი დოლარი უნდა გამოეყოთ.
ამავე დროს ვრცელდება ინფორმაცია, რომ 2020 წლისთვის ღარიბი ქვეყნებისთვის გამოყოფილი დახმარება წელიწადში 100 მილიარდი დოლარი იქნება.
კოპენჰაგენის კონფერენცია რიგით მე–15 იყო გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო–კონვენციის ფარგლებში. გაეროს კლიმატური ცვლილებებისადმი მიძღვნილი ბოლო კონფერენცია გაიმართა 2007 წ. ბალიზე, ინდონეზიაში. შეხვედრაში 180 ქვეყანის 10 000 წარმომადგენელი მონაწილეობდა.

ათასწლეულის განვითარების მიზნები
ათასწლეულის განვითარების პროგრამა, რომელიც მოწოდებული იყო კლიმატის ცვლილებების სამთავრობოთაშორისო ჯგუფის მიერ და რომელსაც მხარი დაუჭირა გაერომ 2000 წლის სექტემბერში, მიზნად ისახავდა ადამიანთა ყოფის გაუმჯობესებას სიღარიბის, შიმშილის, დედათა და ჩვილთა სიკვდილიანობის შემცირების ხაჯზე, დაავადებათა მენეჯმენტის, გენდერული თანასწორობისა და გლობალური პარტნიორობის საფუძველზე. პროგრამაში ჩართულია 192 ქვეყანა და 23 საერთაშორისო ორგანიზაცია 2015 წლამდე.

ათასწლეულის განვითარების რვა ძირითადი მიზანი:
1. აღმოიფხვრას უკიდურესი სიღარიბე და შიმშილი;
2. პირველადი განათლება ხელმისაწვდომი იყოს ყველასათვის;
3. დაცული იყოს გენდერული თანასწორობა და გაიზარდოს ქალთა უფლებები;
4. შემცირდეს ბავშვთა სიკვდილიანობა;
5. გაუმჯობესდეს დედათა ჯანმრთელობა;
6. გამოცხადდეს აქტიური ბრძოლა შიდსის/აივ-ინფექციის, მალარიისა და სხვა დაავადებების წინააღმდეგ;
7. მოხდეს გარემოს დაცვის ხელშეწყობა;
8. განვითარდეს საერთაშორისო ურთიერთობები შემდგომი განვითარებისათვის.

რა შეუძლია გააკეთოს თითოეულ ჩვენგანს, რათა შევამციროთ კლიმატის ცვლილებები?
ყველაზე ეფექტური ქმედებებია:
• შეამცირეთ ნავთობპროდუქტების, ბუნებრივი აირისა და ენერგიის მოხმარება, რათა მინიმუმამდე დავიდეს ნახშირორჟანგის გამოყოფა;
• მანქანის ყიდვისას ყურადღება მიაქციეთ და გაითვალისწინეთ კილომეტრაჟი;
• ნაკლებად იარეთ მანქანებით;
• ჩაანაცვლეთ ძველი ტექნიკა ახალი მოდელებით (მაგ; მაცივრები და გამათბობელი საშუალებები).
• თუ ამას გაითვალისწინებს ამერიკის მოსახლეობის საშუალო რაოდენობა, მაშინ ნახშირორჟანგის გამოყოფა შემცირდება 25%-ით.
ნაკლებად ეფექტურია, მაგრამ სასაგებლოა:
• გამორთეთ სანათები და ელექტრომოწყობილობები;
• დარგეთ ხეები;
• თერმოსტატები ზამთარში დააყენეთ დაბალზე, ხოლო ზაფხულში – მაღალზე;
• დაასუფთავეთ გარემო;
• თუ ამას გაითვალისწინებს მოსახლეობის საშუალო რაოდენობა, მაშინ ნახშირორჟანგის გამოყოფა შემცირდება 3%-ით.

ლიტერატურა

ნანახია: 11742 | შეფასებულია: 3 | რეიტინგი: [5.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 526

ამჟამად საიტზეა: 6

თქვენ ხართ სტუმარი No: 1248041


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.